კაცია და გუნებაო, ნათქვამია და მართლაც, პანდემიაში ზოგს მეცნიერების სჯერა, ზოგს მჩხიბავების, ზოგს ღმერთისა და თურმე ზოგსაც ეშმაკის.
როგორც Rolling Stone წერს, თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე ლეგენდარულმა ცოცხალმა მომღერალმა — ოზი ოსბორნმა მადლობა ეშმაკს გადაუხადა, რომ პანდემიისას დაიცვა და Covid-19-ის ვირუსით არ დაინფიცირებულა.
"ჩემი ცოლი დაინფიცირდა. ჩემს შვილსაც ჰქონდა ვირუსი და მე გადავრჩი. ეშმაკის მსახურობას აქვს თავისი დადებითი მხარეები!", — განაცხადა მომღერალმა.
ოზი ოზბორნის ცოლს, შერონ ოსბორნს, გასულ დეკემბერს დაუდასტურდა კორონავირუსი. უცნობია, როდის დაინფიცირდა მათი შვილი, კელი ოსბორნი, მაგრამ 2021 წლის გაზაფხულს მან სოციალურ ქსელებში კამპანია #StayHomeforOzzy (დარჩი სახლში ოზისთვის) წამოიწყო, რათა ყველასთვის მოეწოდებინა, რომ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს გაფრთხილებოდნენ.
მართალია, 72 წლის ოზი ოსბორნს სჯერა, რომ მის ჯანმრთელობას ბნელი ძალები იცავენ, თუმცა, როგორც ჩანს, ამ როკვარსკვლავს ბოლომდე მაინც არ გაუმართლა: გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ოსბორნს პარკინსონის დაავადება აქვს.
ლეგენდარული მომღერალი ამ ქრონიკულ დაავადებას ინტენსიური მკურნალობით ებრძვის, ამავდროულად კი თავის ტრადიციულ მუსიკალურ შემოქმედებაზე მუშაობასაც აგრძელებს.