(იბეჭდება შემოკლებით)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მორიგ სკანდალში გაეხვია. სატყეო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოდან ემიგრაციაში გერმანიაში გამგზავრების მიზეზად შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან პირად უთანხმოებას ასახელებს, რომელიც, მისივე თქმით ხეტყის ბიზნესს უკავშირდება. როგორც გიორგობიანი აცხადებს, სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე მისი მუშაობის დროს დეპარტამენტიდან ე.წ. „წილების“ გაცემის გზები გადაიკეტა, რამაც შს მინისტრთან დაპირისპირება გამოიწვია.
შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი კატეგორიულად უარყოფს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა გიორგობიანის ბრალდებებს. როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, როდესაც გიორგობიანი საქართველოში იმყოფებოდა, ის გენერალურ პროკურატურასთან და სამართალდამცველ ორგანოებთან არ თანამშრომლობდა. „ახლა ის უცხოეთშია და უმჯობესია, ამ საკითხით გენერალური პროკურატურა დაკავდეს. არ ვთვლი, რომ გიორგობიანი ამხელა ყურადღებას იმსახურებს“, - აღნიშნა შს მინისტრმა.
შსს-ს ინფორმაციით, სატყეო დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ მუშაობის პერიოდში სახელმწიფოს 880 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიაყენა. როგორც შს მინისტრის პირველი მოადგილე ბიძინა ბრეგაძე აცხადებს, ამავე პერიოდში მოიჭრა 1000 ავტომანქანა ხეტყე, მაშინ, როცა ხეტყის ჭრაზე საქართველოში მორატორიუმი იყო გამოცხადებული.
გუშინ ბიძინა გიორგობიანმა შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მამხილებელი კიდევ ერთი კასეტა გამოაქვეყნა. იგი უშიშროების სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომლის გვარს ასახელებს, გიორგობიანი დათა ახალაიაზე საუბრობს, რომელიც ამჟამად შსს-ს კონსტიტუციური წყობის დაცვის სამმართველოს უფროსია. (ახალაია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორის როლანდ ახალაიას შვილია, მისი ძმა კი სახალხო დამცველის მოადგილეა). გიორგობიანი ამბობს, რომ ახალაია ჩარეული იყო ხეტყის გაყიდვის ბიზნესში, რომლის მეშვეობითაც ფულის გათეთრება ხდებოდა. გიორგობიანმა გუშინვე კომენტარი გააკეთა შს მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით. ის აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ გიორგობიანთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
„უშიშროების სამინისტროს მომაგრებული ოფიცერი გარემოს დაცვის სამინისტროში გოგიტა პაპაშვილი უწევდა მფარველობას რამდენიმე ფირმას, რომლებიც თითქოსდა ოსეთში იხდიდნენ იმ თანხას, რაც გადახდილი იყო საქართველოს ბიუჯეტში. მე ამას წინ აღვუდექი, მაგრამ როგორც გაირკვა, ამ საქმეში ჩართული იყვნენ ასევე მისი უშუალო ხელმძღვანელები: დათა ახალაია და სხვა პირები, რომლებიც ამ სამმართველოს ხელმძღვანელობდნენ და მთელი ეს სამინისტრო. შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ტყუის, როდესაც ამბობს, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის, მან ძალიან კარგად იცის ყველაფერი, რადგანაც მე მისი ზეწოლის ქვეშ ვიყავი,“ - აცხადებს ბიძინა გიორგობიანი.
ვანო მერაბიშვილის სახელი სკანდალში პირველად მაშინ გაეხვია, როდესაც სახელმწიფო კანცელარიასთან ბათუმელი ბიზნესმენისათვის ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტი გიორგი კენჭაძე. „ყველანაირი ხელშეწყობა იქნება, ბატონი ვანო ჩამოვა და მერე ერთად ვიმოძრავებთ, პროკურატურიდან და პოლიციიდან არავინ შეგაწუხებთ,“ - ისმის იმ ოპერატიულ ჩანაწერზე, სადაც გია კენჭაძე ბათუმელ ბიზნესმენს ხელშეუხებლობას ჰპირდება.
მთავარი კითხვა მაშინ მაინც უპასუხოდ დარჩა: რატომ არ აცალეს გიორგი კენჭაძეს სახელმწიფო კანცელარიაში მისვლა, ვისთან მიჰქონდა მას 100 ათასი აშშ დოლარი და ვინ არის ბატონი ვანო, რომელსაც თავად დაკავებული ახსენებდა და რომელიც იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა? მართალია, გამოძიებას ამ კითხვისთვის პასუხი არ გაუცია, მაგრამ თუ თავად გია კენჭაძის სიტყვებით ვიმსჯელებთ, საქართველოში სწორედ მაშინ არ იმყოფებოდა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ვანო მერაბიშვილი.
მერაბიშვილისა და მისი მოადგილისა და მეგობრის, ამირან მესხელის სახელი ასევე ფიგურირებდა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის ყოფილი დირექტორის მერაბ ბერიძის დაკავებისას.
რაც შეეხება სატყეო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის ამ სკანდალურ განცხადებას, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს სკანდალი იმ დაპირისპირების გაგრძელებაა, რომელიც შს და თავდაცვის მინისტრებს შორის არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტმატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ოქრუაშვილი-მერაბიშვილის დაპირისპირება რეალურად არსებობს.
„ის, რაც ბიძინა გიორგობიანმა ტელევიზიით ისაუბრა, ზღაპარს არ ჰგავდა და საკმაოდ დამაჯერებელი იყო საზოგადოებისთვის. ახლა მნიშვნელოვანია, რას იტყვის გამოძიება. არა მგონია, რომ ამ საკითხთან რაიმე კავშირში იყოს ოქრუაშვილსა და მერაბიშვილს შორის დაპირისპირება. თუმცა ამ დაპირისპირებაზე აბსოლუტურად ყველა საუბრობს. ვანო მერაბიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის რომ არის დაპირისპირება, ეს მთელმა საქართველომ იცის,“ - აცხადებს ნანა კაკაბაძე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ზურაბ ბურდული მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, ხელისუფლება და პრეზიდენტი დაინტერესდეს და კარგად გაერკვეს შს მინისტრის გარშემო არსებულ სკანდალში.
რაც შეეხება დაპირისპირებას შს მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შორის, ბურდული აცხადებს, რომ მას ამ დაპირისპირებაზე არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, თუმცა დასძენს, რომ ვარაუდის დონეზე ხვდება, რომ ასეთი რამ არსებობს.
ბრძოლა გრძელდება. მართალია საკადრო წმენდა ირაკლი ოქრუაშვილის კადრს მიხეილ ქარელს არ შეხებია, მაგრამ საუბრობენ, რომ გუბერნატორს მალე თბილისში გადმოიყვანენ, ხოლო შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულად სამი კანდიდატურა მოიაზრება. ესენი არიან: გორის მაჟორიტარი დეპუტატი ჯუმბერ პატიაშვილი, პარლამენტარი და ტელეკომპანია „თრიალეთის“ მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი და მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში შოთა ჩოჩიშვილი.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამ ფაქტზე საუბრისას აცხადებენ, რომ ძალოვან მინისტრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ არის. „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე დარწმუნებულია, რომ ოქრუაშვილსა და მერაბიშვილს შორის პრობლემები ნამდვილად არსებობს.
„ოქრუაშვილი საკმაოდ ამბიციური და დახურული ადამიანია. ის ყოველთვის ცდილობს, თავისი კადრები ჰყავდეს და გავლენა გაიძლიეროს ყველა მიმართულებით. დაპირისპირება რომ არსებობს, აშკარაა. გარკვეული პრობლემები მათ ურთიერთობაში ნამდვილად არსებობს,“ - აღნიშნავს ჩიხრაძე.
მთავრობის წევრებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობენ კონსერვატორებიც. როგორც კონსერვატორი კახა კუკავა აცხადებს, ოქრუაშვილსა და მერაბიშვილს აქვთ გასაყოფი გავლენის სფეროები.
„მე ძალიან ბევრი გამიგია მერაბიშვილის ფინანსურ იმპერიაზე. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გაცილებით კომიკურ ხასიათს იღებს ის, რომ ადამიანი ხელს ადებს მერაბიშვილს და ვიგებთ, რომ სწორედ მერაბიშვილის უწყება იძიებს ამ საქმეს. რაც შეეხება იმას, რამდენად არის კავშირში ორი ძალოვანი მინისტრის დაპირისპირება სატყეო დეპარტამენტის გარშემო ატეხილ სკანდალთან, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს დაპირისპირება გრძელდება.
მერაბიშვილმა მოიპოვა პირველი წარმატება და ის ამ გამარჯვებას განიმტკიცებს, იმიტომ, რომ ყველა შემთხვევაში პრეზიდენტის სიმპათიები იქნება მერაბიშვილის მხარეს. სააკაშვილს აქვს 100 პროცენტიანი გარანტია, რომ მერაბიშვილი არასოდეს გახდება საჯარო პოლიტიკოსი, ოქრუაშვილის შემთხვევაში ასეთი გარანტია არ არსებობს, გამომდინარე მისი პოპულარობიდან. რაც უფრო პოპულარულია ოქრუაშვილი, უფრო მეტი შანსია, ის გახდეს ხელისუფლების ოპონენტი“, - აცხადებს კახა კუკავა.