თითქმის 50 წელია, რაც პოლ მაკარტნის Beatles-ის დაშლაში ბრალს დებენ, მაგრამ The Guardian-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ჯგუფის დაშლის ინიციატორი ჯონ ლენონი იყო. ინტერვიუში მაკარტნიმ ეს ბრალდება და ჯგუფის დაშლის შემდეგ მომხდარი მოვლენები მისი ცხოვრების "ყველაზე რთულ პერიოდად" მოიხსენია.
"ერთ დღესაც ჯონი შემოვიდა ოთახში და თქვა, რომ ბიტლზს ტოვებდა. არის თუ არა ეს ჯგუფის დაშლის პროვოცირება"? — ამბობს მაკარტნი. "ეს ჩემი ბენდი, ჩემი სამუშაო და ჩემი ცხოვრება იყო. ამიტომ მინდოდა, რომ ეს ყველაფერი გაგრძელებულიყო", — დასძინა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე გააგრძელებდა თუ არა ბენდი არსებობას, ჯონ ლენონს რომ არ დაეტოვებინა, მაკარტნიმ უპასუხა, რომ შეიძლება ასეც ყოფილიყო, — "მთავარი ის არის, რომ ჯონს იოკოსთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყება სურდა და ერთი კვირის განმავლობაში შეეძლო უბრალოდ საწოლში ყოფილიყო".
ინტერვიუში მაკარტნიმ ასევე განაცხადა, რომ მას, ჯორჯ ჰარისონსა და რინგო სტარს ამ მძიმე სიტუაციის გამოსწორება მოუხდათ. ჯგუფის დაშლასთან დაკავშირებით მათ დუმილი უნდა შეენარჩუნებინათ, სანამ მიმდინარე ბიზნესგარიგებები არ გაფორმდებოდა.
"ასე რომ, რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ თავს ვიკატუნებდით. ვიცოდით, რომ ეს ბიტლზის დასასრული იყო, მაგრამ არ შეგვეძლო უბრალოდ ყველაფერი მიგვეტოვებინა", — ამბობს მაკარტნი.