გელა დაიაური, რომლის მეუღლე და სამი შვილი, 11 წლის წინ, მუცოს ხეობაში დაიღუპა, აჭარაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და უსამძიმრებს კაცს, რომელმაც, მის მსგავსად, მეუღლე და შვილები დაკარგა.
„ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ, რა სიცარიელეა შენს სულში... როგორი ცივი გახდა სამყარო შენთვის!!! დიდი განსაცდელი მოგივლინა ღმერთმა. რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა იტრიალებს შენს გონებაში. მთელი ცხოვრება მოგიღევს ამ ტკივილის ტარება და მასთან ერთად ცხოვრება. ძალიან მეცოდები და მტკივა შენი ტკივილი. სულით და გულით გითანაგრძნობ და ვუთანაგრძნობ ყველა გარდაცვლილის ახლობლებს და სრულიად საქართველოს!!! არ მინდოდა, ისედაც მძიმე ფონის დამძიმება, მომიტევე. უბრალოდ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მცირედით მაინც გამემხნევებინე ჩემი თანაგრძნობით“, - წერს გელა დაიაური.
2010 წლის 22 ივლისს, მუცოს ხეობაში, ავტომობილი, რომელშიც10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა. ავტოკატასტროფამ შვიდი ადამიანის, მათ შორის, გელა დაიაურის მეუღლისა და შვილების სიცოცხლე ემსხვერპლა.