ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საგანგებო განცხადება 

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საგანგებო განცხადება 

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„საოლქო საარჩევნო კომისიაზე და უშუალოდ ჩემზე უკვე ორი დღეა მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდება და ასევე კონკრეტული პირები ცდილობენ პირადად ჩემს დისკრედიტაციას. 
ხაზგასმით ვაცხადებ, რომ თითოეული ჩემი ქმედება და გადაწყვეტილება არის პირველ რიგში კანონისმიერი;  ჩემზე, როგორც საჯარო მოხელეზე და ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიაზე ვერცერთი საარჩევნო სუბიექტის პირადი მოსაზრებები გავლენას ვერ მოახდენს.  

ის, რაზეც აპელირებენ საარჩევნო სუბიექტები და კონკრეტული პოლიტიკური პარტია ბათილი ბიულეტენების გადათვლა/გადამოწმებასთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ არის სიცრუე და პრეტენზიები წარმოჩინდა მხოლოდ მას მერე, როდესაც ბათილი ბიულეტენების დათვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული ხმების რაოდენობა მოემატა. 

ამავე პოლიტიკურმა ძალებმა პირველ რიგში მედიას შეუშალეს ხელი და არ მისცეს შესაძლებლობა მიეღოთ საოლქო საარჩევნო კომისიისგან დეტალური ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ. გამოიწვიეს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის და შესაბამისად უშუალოდ კომისიის მუშაობის პარალიზება. ასევე დააზიანეს საოლქო კომისიის ინვენტარი. ჩვენ, წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცავების გამოძახებაც მოგვიწია. მხოლოდ მათი ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი საოლქო კომისიის საქმიანობის აღდგენა. 

საოლქო საარჩევნო კომისიის თითოეული ქმედება ხორციელდება ჩართული მხარეების დეტალური დაკვირვების ქვეშ. ჩვენი საქმიანობა ასახულია, როგორც მედიის ისე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. ვაგრძელებთ საქმიანობას გამჭვირვალედ და კანონმდებლობის სრული დაცვით. 

მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, - ყველა დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია და მზად ვარ, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მივაწოდო დეტალური ინფორმაცია“.