მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მარია რესასა და დიმიტრი მურატოვს გადაეცა

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მარია რესასა და დიმიტრი მურატოვს გადაეცა

მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემია მარია რესასა და დიმიტრი მურატოვს გადაეცა.

„ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემია მარია რესასა და დიმიტრი მურატოვს მიანიჭა გამოხატვის თავისუფლების დაცვის ძალისხმევისთვის, რაც დემოკრატიისა და ხანგრძლივი მშვიდობის წინაპირობაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მარია რესა გამოხატვის თავისუფლებას იყენებს, რათა მშობლიურ ქვეყანაში, ფილიპინებში ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ძალადობა და მზარდი ავტორიტარიზმი ამხილოს. ნობელის კომიტეტში აღნიშნავენ, რომ მარია რესა გამოხატვის თავისუფლების უშიშარი დამცველია.

დიმიტრი მურატოვი რუსეთში სიტყვის თავისუფლებას ათწლეულების განმავლობაში იცავს. 1993 წელს ის დამოუკიდებელი გაზეთი „ნოვაია გაზეტას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.

ნობელის კომიტეტში აცხადებენ, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი და ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, სიცრუისა და ომის პროპაგანდის წინააღმდეგ დაცვას ემსახურება. ნორვეგიის ნობელის კომიტეტი დარწმუნებულია, რომ გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის თავისუფლება ხელს უწყობს ინფორმირებული საზოგადოების უზრუნველყოფას.

4-11 ოქტომბერს სტოკჰოლმსა და ოსლოში ფიზიოლოგიისა და მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურის და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის და ეკონომიკის დარგში შვედეთის სახელმწიფო ბანკის ლაურეატებს დაასახელებენ.