ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ელექტრომოპედების გაზიარების კომპანია “ქარი” 20%-იანი ფასდაკლებით მოემსახურება. უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სტუდენტები არამხოლოდ ისარგებლებენ ხელმისაწვდომი და შეღავათიანი პაკეტით, არამედ მიეცემათ შესაძლებლობა უშუალოდ პროფესიონალებისგან უფასოდ ისწავლონ მოპედის მართვა და უსაფრთხოების ნორმები. გარდა ამისა, სტუდენტებს ექნებათ წვდომა ქარის სხვა აქციებზე, პრომო კოდებსა და ფასდაკლებებზე.
“ქარი” ქართულ სატრანსპორტო სივრცეში 2021 წელს გაჩნდა და სულ მალე ელექტრო მობილობის საშუალებათა შორის წამყვანი ადგილი დაიკავა. მოპედების თავდაპირველი უპირატესობა ქალაქში უხმაუროდ და გამონაბოლქვის გარეშე გადაადგილება იყო, თუმცა დროთა განმავლობაში კიდევ მრავალი ფაქტორი გამოიკვეთა - 24/7 ხელმისაწვდომობა, მომსახურებისა და დახმარების გამართული სისტემა, საცობებში მარტივი ნავიგაცია, ხოლო პანდემიის პირობებში - დახურულ ტრანსპორტში ინდივიდუალური კონტაქტის მინიმიზაციაც. COVID19 პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური ტრანსპორტით მოძრაობა, „ქარის“ მომსახურებით სარგებლობა სტუდენტებს ხელს შეუწყობს მარტივად და უსაფრთხოდ გადაადგილებაში.
„ქარის“ მიზანია, რომ კომფორტული ეკო-მეგობრული მგზავრობა განსაკუთრებული და იშვიათი მოვლენიდან ყოველდღიურობაში გადმოვიდეს. ამ მხრივ, სტუდენტებს არა მხოლოდ ჯანსაღი ჩვევის ინიციატივა მიეწოდებათ, არამედ მათი სამგზავრო დროც დაიზოგება. ამასთანავე, გადავსებულ ქალაქში „ქარს“ არასოდეს ექმნება პარკინგის პრობლემა. მოპედის გასაჩერებელი ადგილები წინასწარაა განსაზღვრული და დატანილი Qari App-ის რუკაზე.
ელექტრომოპედების ფასდაკლებით გამოყენება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს დღეიდან შეეძლებათ. ამისათვის თსუ სტუდენტმა აპლიკაციაში რეგისტრაციისას უნდა მიუთითოს საკუთარი ელფოსტა tsu-დომეინით.