(იბეჭდება შემოკლებით)
1989 წლის 9 აპრილიდან ხშირად გაისმის ფორმალებისგან თუ არაფორმალებისგან შეკითხვა - სად იყო აკაკი ბაქრაძე ამ დღეს. ამ შეკითხვას ნათელს ჰფენს ჩვენს რედაქციაში მოტანილი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრის, ბატონ ვანო თვალაძის ჩანაწერები.
ქართული ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდებში ყოველთვის თავს იჩენდა აფხაზი სეპარატისტების გააქტიურება, ანტიქართული ქმედებების გაძლიერება. ასე იყო 1968 წელს, 1978 წელს, 1989 წელს.
1989 წელს, ცნობილი „ლიხნის წერილის“ შედეგად აფხაზეთში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. უდიდესი მღელვარება მოჰყვა ამ წერილს მთელ საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში. მიმდინარეობდა ხალხმრავალი მიტინგები მოსახლეობის ფართო მონაწილეობით. აპრილში დაიწყო დემონსტრაციები და გაფიცვები.
5 აპრილი.
თბილისში უდიდესი დემონსტრაციაა. მონაწილეობს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელი, სკოლები, საწარმო-დაწესებულებანი, რაიონის წარმომადგენლები. გაფიცულია საწარმო-გაერთიანება „ელვა“.
6 აპრილი.
დილის 9 საათიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ადმინისტრაციული კორპუსის კიბეებზე დაიწყო სტუდენტთა მჯდომარე გაფიცვა. მიმდინარეობს მიტინგი.
12 საათზე რუსთაველის საზოგადოებაში ვინახულე ბატონი აკაკი ბაქრაძე. იგი ესაუბრებოდა აფხაზეთის რუსთაველის საზოგადოების წარმომადგენლებს, მალხაზ პატარაიას და სხვებს. 8 აპრილს ბატონი აკაკი გულრიფშის სანქცირებულ მიტინგზე მიიწვიეს. შევთანხმდით, რომ ჩვენც მასთან ერთად გავემგზავრებოდით აფხაზეთში.
7 აპრილი.
დილიდან დაიძრნენ დემონსტრანტები. გაფიცულია თბილისის ყველა ინსტიტუტი, დაწესებულება, საწარმოთა ნაწილი. რუსთაველი ვერ იტევს ხალხს - დროშები, ტრანსპარანტები, ლოზუნგები. საოცარი ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული სუფევს.
საღამოს 7 საათზე შევიკრიბეთ ბატონ აკაკი ბაქრაძესთან ბინაში. 8 საათზე სოხუმისკენ გავემგზავრეთ: აკაკი ბაქრაძე, ჯაბა იოსელიანი, ვანო თვალაძე, დავით უკლება, დავით ბახტაძე, გიორგი პაპავა, გურამ სანაძე, გოგი ლორთქიფანიძე, პაპუნა ჯავახაძე, ნიკო ნიკოლოზიშვილი, ვაჟა მეგრელიშვილი, ზურაბ ქუთელია და ლევან ბერძენიშვილი.
გამგზავრებისას ბატონ აკაკის ვკითხე, თუ რით შეიძლება დამთავრდეს თბილისის ამბები. ბატონმა აკაკიმ - მეტისმეტად საშიში სიტუაციაა, ჩვენ უსისხლოდ გადავრჩით 1988 წლის ნოემბერში, ახლა ალბათ უსისხლოდ ვერ გადავრჩებითო. აფხაზეთში გველოდებიან, იქაც საშიში მდგომარეობაა და ჯობია, იქ გავემგზავროთო.
ღამის პირველ საათზე ჩავედით ქუთაისში. მიგვიღო დემურ ლოლუას ოჯახმა. ვივახშმეთ, მოვისვენეთ და დილის 10 საათზე გავემგზავრეთ სოხუმისკენ. ზუგდიდის მისადგომებთან შეგვაჩერეს. როგორც ჩანს, თბილისიდან იყო შეტყობინება - არ გავეშვით (გვითხრა კიდეც მილიციის ორმა თანამშრომელმა, მთელი ღამე გავათენეთ თქვენს ლოდინშიო).
ზუგდიდის ქალაქის კომიტეტში მოლაპარაკების შემდეგ გაგვიშვეს. 14 სთ. 45 წუთზე შევედით გულრიფში. მიტინგი რაიკომის შენობასთან, დიდ მოედანზეა დანიშნული. 30 ათასამდე ქართველია თავშეყრილი.
8 აპრილი.
გულრიფში, 15 საათი. მიტინგი გულრიფშის რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარემ გულადი ძიძიგურმა გახსნა. დაგმო „ლიხნის წერილი“ და ხელმომწერნი. სიტყვით გამოვიდა შოთა ჯღამაძე, გულრიფშის რუსთაველის საზოგადოების გამგეობის წევრი. მოითხოვა ბაგრატ შინკუბასა და ივანე თარბას, როგორც ლიხნის წერილის ავტორებს, ჩამოერთვათ რუსთაველის პრემია.
აკაკი ბაქრაძე - „ბატონებო და ქალბატონებო! მოგახსენებთ ყველა ფორმალური და არაფორმალური გაერთიანებების სახელით. გაფიცული თბილისის სახელით, იმათი სახელით, ვინც თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშია გაფიცული. დღეს საქართველო ერთიანია. აფხაზეთი იყო საქართველოს ნაწილი, არის და დარჩება სამარადისოდ. არ არსებობს ძალა, რომელიც აფხაზეთს მოსწყვეტს საქართველოს. ვიყოთ მშვიდად, ერთად და აუცილებლად გადავჭრით ყველა პრობლემას. როგორი შეურაცხყოფაც არ უნდა მოგვაყენონ, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი სიკეთე. თქვენ იცით ვეფხვისა და მოყმის ამბავი, მინდიას სიყვარული სამყაროსადმი, აკაკის გამზრდელი. აქ გამოხატულია ქართული სული... თუ საჭირო იქნება, სისხლსაც დავღვრით. საქართველოს მთელი ისტორია სისხლის ღვრაა - ჩვენ ვიბრძოდით, არც ახლა დავიხევთ უკან, თუ საჭირო იქნება...
„რაც მტრობას დაუქცევია, სიყვარულს უშენებია“. ვიბრძოლოთ სიყვარულის დროშით. მოწინააღმდეგე უღირსია, მაგრამ ჩვენ ვიყოთ ღირსეულნი. ჩვენ აუცილებლად უნდა განვასხვავოთ აფხაზი და აფსუა ხალხი. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს და ამ ერთიან საქართველოს მტერი ვერასდროს ვერც დაამარცხებს, ვერ დაანაკუწებს“.
8 აპრილს საღამოს, სოხუმის გარეუბანში, აჩადარაში შევიკრიბეთ, უნივერსიტეტის ასპირანტ ბესო ოდიშარიას ოჯახში. მოვიდნენ სოხუმის ხვალინდელი მიტინგის ორგანიზატორები. გაიმართა თათბირი.
იმ საღამოს ჩვენ აჩადარაში დავრჩით. დილით, ექვს საათზე, თბილისიდან ჩვენი მასპინძლების ქალიშვილმა დარეკა. ტელეფონი ბატონმა აკაკი ბაქრაძემ აიღო. მივიღეთ ინფორმაცია თბილისის ტრაგედიის შესახებ - დაღუპულია 16 ადამიანი.
9 აპრილი.
დილით გავემგზავრეთ სოხუმში. მიგვიღო აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ოთარ ზუხბაიამ: აკაკი ბაქრაძე, ჯაბა იოსელიანი, მე და სოხუმის მიტინგის ორგანიზატორი, ნ. მგალობლიშვილი.
სოხუმში მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. კბილებამდე შეიარაღებული მრავალრიცხოვანი რუსის ჯარი მზადაა მიტინგის დასარბევად... მოსალოდნელია დიდი ტრაგედია. მიტინგი 12 საათზეა დანიშნული. ხალხი უწყვეტ ნაკადად მოედინება საზღვაო პორტის მოედნისაკენ. მიტინგის ჩაშლა ან გადადება უკვე შეუძლებელია.
12 საათისათვის მინისტრთა საბჭოს შენობიდან ფეხით გავემართეთ მიტინგის ადგილისაკენ. მოედანი, მიმდებარე ქუჩები, სახლის სახურავები ხალხითაა სავსე. ხალხმა უკვე იცის თბილისის ტრაგედიის ამბავი. აუცილებელი იყო მიტინგის დაშლა და მოედნის გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება უდიდესი ტრაგედია. აკაკი ბაქრაძე ავიდა ტრიბუნაზე და მოკლედ მიმართა ხალხს:
„თბილისში მოხდა დიდი ტრაგედია - რუსეთის ჯარის ნაწილებმა მთელი სისასტიკით დაარბიეს მთავრობის სახლის წინ მიმდინარე მიტინგი, მოშიმშილეები. გამოიყენეს ტანკები, ნიჩბები, ხელკეტები, მომწამვლელი აირები და სხვა. არიან დაღუპულები, დაჭრილები, მოწამლულები“.
ბატონმა აკაკიმ მიტინგის მონაწილეებს აუწყა, თუ როგორი მძიმე შედეგებით შეიძლება დამთავრდეს სოხუმის მიტინგი. ხალხს მოუწოდა სიმშვიდისაკენ. სიტუაციიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნია მიტინგის დამთავრება და სთხოვა ხალხს, უხმაუროდ დაბრუნებოდნენ თავიანთ სახლებს. ხალხი ტიროდა. ხალხმა სწორად შეაფასა შექმნილი მდგომარეობა და ორგანიზებულად და ოპერატიულად დაიშალნენ.
ჩვენ ისევ მთავრობის შენობაში დავბრუნდით. შუადღის ორ საათზე გამოვემგზავრეთ თბილისისაკენ. საღამოს 9 საათსა და 50 წუთზე შემოვედით ქალაქში. პეკინის ქუჩაზე გზა გადაგვიღობეს შავი ნაჭრებით თავშეხვეულმა ახალგაზრდებმა, რომლებმაც გვაუწყეს, რომ რამდენიმე წუთში დაიწყებოდა კომენდანტის საათი და ამას რუსის ჯარის მიერ შეიძლება მოჰყვეს რაიმე განუკითხაობაო. გვთხოვეს, წავსულიყავით სახლებში. ჩვენც დავემორჩილეთ.
10 აპრილი.
უნივერსიტეტი. გაბოროტებული და გამძვინვარებული ქართველობა. მოითხოვენ საქართველოს ხელმძღვანელი პირების გადადგომას და დასჯას. მიტინგების და აქციების ლიდერების ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გიორგი ჭანტურიას და სხვების პატიმრობიდან განთავისუფლებას. წერეთელი იმალება. მალე იგი უნივერსიტეტში გამოჩნდა მხლებლებთან ერთად. ეზოში დიდძალი ხალხია. გამოჩნდნენ რუსი ჯარისკაცები, შეიარაღებულნი ტანკებით. მოითხოვეს ეზოს დაცლა. დაარბიეს და გაფანტეს ხალხი. მოითხოვეს უნივერსიტეტის შენობის განთავისუფლება. მარიამ ლორთქიფანიძემ განაცხადა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სისხლი არ უნდა დაიღვაროსო და გვთხოვა, უნივერსიტეტის შენობა ყველას დაგვეტოვებინა. ამ დროს აკაკი ბაქრაძე ვახტანგ გოგუაძის კაბინეტში ადგენდა მიმართვას ქართველი ხალხისადმი...
შემოვიდნენ ორგანოების თანამშრომლები. ერთ-ერთმა პოლკოვნიკმა (თუ არ ვცდები, იგი გივი ბარელაშვილი უნდა ყოფილიყო) გვთხოვა, დაუყოვნებლივ დაგვეტოვებინა უნივერსიტეტის შენობა, რადგანაც მოსალოდნელი იყო რუსი ჯარისკაცების შემოჭრა.
ჩვენ, ბატონი აკაკი, დათო კულება და მე გვერდითი გასასვლელიდან გაგვიყვანეს. ბატონი აკაკი თვითონ ორგანოს მუშაკებმა წაიყვანეს სახლში.