კომპანია Netflix-მა მომღერალ ბრიტნი სპირსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმ Britney vs Spears-ის ტრეილერი გამოაქვეყნა.
ფილმის რეჟისორი ერინ ლი კარია. პრემიერა 28 სექტემბერსაა დაგეგმილი, მომდევნო დღეს კი მომღერლის მეურვეობისგან გათავისუფლების საქმეზე სასამართლო განახლდება.
23 ივნისს ბრიტნი სპირსმა 2 წლის განმავლობაში პირველად მისცა ჩვენება სასამართლოს და მამის მეურვეობისგან გათავისუფლება მოითხოვა. მან განაცხადა, რომ მას მუშაობას აიძულებენ და დაორსულების ნებართვას არ აძლევენ.
ბრიტნი სპირსი თავისი მამის მეურვეობის ქვეშ 2008 წლიდანაა, მას შემდეგ, რაც ალკოჰოლსა და ნარკოტიკებთან პრობლემების გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. სასამართლოში მან აღნიშნა, რომ კლინიკაში თავისი სურვილის წინააღმდეგ მოათავსეს. მეურვეებს სრული კონტროლი აქვთ მომღერლის ცხოვრებასა და ფინანსებზე.