ამერიკელი მსახიობი უილი გარსონი 57 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მსახიობს ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა. გარსონმა კინოსა და ტელევიზიაში 75-ზე მეტი როლი შეასრულა. ყველაზე დიდი პოპულარობა მას სერიალმა „სექსი დიდ ქალაქში“ მოუტანა, რომელშიც მან მთავარი გმირის საუკეთესო მეგობრის, სტენფორდ ბლეტჩის როლი შეასრულა.
სტენფორდის როლს გარსონი სერიალის მიხედვით გადაღებულ მხატვრულ ფილმებშიც დაუბრუნდა და ასევე მუშაობდა სერიალის გაგრძელებაზე, რომელსაც სტრიმინგ-სერვისი HBO Max იღებს.
ამასთან, გარსონი თამაშობდა სერიალებში „თეთრი საყელო“, „მეგობრები“, „ტვინ პიკსი“, საიდუმლო მასალები“; ფილმებში „პატარა მანჰეტენი“, „იყო ჯონ მალკოვიჩი“ და ა.შ.