„ნაციონალები“ დავით სალარიძეს კარგა ხანია უპირისპირდებიან, რაც მას შემდეგ გამწვავდა, რაც სალარიძე ჟვანიას გვერდით აღმოჩნდა. მოულოდნელად მას ყოფილი „მხედრიონელები“ გამოესარჩლნენ და ტერიტორიების დაკარგვის გამო პასუხი მოსთხოვეს. მეტიც, ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლები საკრებულოში „მივარდნით“ იმუქრებიან.
„სანამ მიშიკოსთანა გმირები გვეყოლება, მთელ საქართველოს დავკარგავთ,“ - აცხადებს ვეტერანთა კავშირის წარმომადგენელი ბადრი ფირცხელანი.
სააკაშვილ-ვეტერანების დაპირისპირებაზე კომენტარისთვის „რეზონანსი“ „ნაციონალების“ ერთ-ერთ ლიდერს ზვიად ძიძიგურს დაუკავშირდა.
მხედრიონელთა კავშირი აცხადებს, რომ ვინც კი მეომრებს დაეხმარა, მიშა ყველას დაეტაკაო...
- ჯერ ერთი, ყოფილი „მხედრიონელი“ ჩვენს ქებას თუ დაიწყებს, ჩვენი საქმე ცუდად მაშინ იქნება. ნებისმიერი „მხედრიონელის“ საქებარი სიტყვები დასაფიქრებლად ნამდვილად ეღირება.
ვეტერანთა კავშირის წევრები, „ნაციონალების“ დროშის საკრებულოდან ჩამოხსნითა და „დროშისთვის ფუნქციის შეცვლით“ გემუქრებიან. თქვენ ამ დროშის დასაცავად მზად თუ ხართ?
- რაც შეეხება ხუთჯვრიან დროშას. ეს მხოლოდ „ნაციონალების“ დროშა არ გახლავთ. რა თქმა უნდა, მე დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ეს ხუთჯვრიანი დროშა ჩვენი დროშაა, მაგრამ, ამავე დროს, ეს საქართველოს დროშა გახლავთ. ეს დროშა თამარიან-დავითიანი დროშაა. ეს დროშა საქართველოს წარსულია. თუმცა, თუკი ამ დროშის ისტორიულობას არ აღიარებენ, დროშა არსებობს და მასზე ჯვრებია გამოსახული. ნებისმიერმა უნდა იცოდეს, რომ პატივს დროშას თუ არ სცემს, ამ დროშაზე ხუთი ჯვარია გამოსახული და ამ ჯვრების გამო მაინც კორექტულები უნდა იყვნენ. იმის თქმა, რომ ამ დროშას სხვა დანიშნულებას მოუძებნიან, კომენტარი ზედმეტია.
ეს ყველაფერი, პრინციპში, სააკაშვილის მიერ დავით სალარიძის წინააღმდეგ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია...
- მე მესმის დავით სალარიძისადმი მათი კეთილგანწყობა. როგორც აცხადებენ, ეს კაცი მათ დახმარებია და გვერდში დასდგომია. მე მესმის, რომ სალარიძე ამ ხალხს დაეხმარა. როგორც ჩანს, საშუალება ჰქონდა და დაეხმარა. მაშინ, როდესაც ისინი ფულს აკეთებდნენ, ჩვენ უკანონობისა და უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოდით. სხვათა შორის, იმ განუკითხაობის წინააღმდეგ, რომელიც ჯაბა იოსელიანისა და მისი მეგობრების დამკვიდრებული გახლდათ.
სალარიძისგან განსხვავებით, ჩვენ მატერიალური საშუალება არ გვქონდა, მაგრამ რომც გვქონოდა, მაინც არ დავეხმარებოდით. „მხედრიონი“ საქართველოში წლების განმავლობაში თარეშობდა და ძარცვავდა მოსახლეობას. სწორედ მათ შემოიტანეს კრიმინალური ელემენტები და შედეგი დღესაც სახეზეა.
ის თუ იცოდით, მეომართა კავშირის 200 წარმომადგენელი სააკაშვილს მივარდნას რომ უპირებდა?
- რატომ გაგიკვირდათ ეს მუქარა? დარბევა და დანგრევა „მხედრიონელებისგან“ არის მოგონილი. მე მისი მუქარა საერთოდ არ მიკვირს და უჩვეულოსაც ვერაფერს ვხედავ. 1991-92 წლებში სწორედ ამდენი კაცი მიუვარდა მთავრობის სახლში პირველ ეროვნულ ხელისუფლებას და თბილისის დანგრევაც და ეს ომიც მათ კისერზეა. მათ ის განუსაზღვრელი ძალაუფლება მოენატრათ, რაც მაშინ ჰქონდათ და მოვარდნებითა და დანგრევით ამიტომ იმუქრებოდნენ.
თუმცა, გარკვეულწილად, მათი აქტიურობა მაინც გასაგებია. მათ რაღაც რეალური გარანტია რომ არ ჰქონდეთ, ასე აშკარა მუქარას ვერ გაბედავდნენ. არც ის არის შემთხვევითი, რომ სწორედ არჩევნების წინ გააქტიურდნენ. შევარდნაძე მათი დახმარებით მოვიდა და ჩვენი პრეზიდენტი საკუთარ სტილს კიდევ არ ღალატობს.
„მხედრიონელები“ იმასაც ამბობენ, რომ იოსელიანის სიკვდილის შემდეგ ბევრი არაკაცი „გაგულავდა“...
- მხედრიონმა თავის დროზე ბევრი შეკვეთილი მკვლელობა განახორციელა. სწორედ „მხედრიონი“ იყო ის ძალა, არასასურველი ხალხის მოშორებას რომ ემსახურებოდა. ეს მათთვის ყველაზე ბედნიერი დრო გახლდათ. მათ ხელში იყო მთელი ძალაუფლება. ამიტომაც მოეძალათ ძველი დროის ნოსტალგია და რა გასაკვირია, რომ მის დასაბრუნებლად უკან არაფერზე დაიხევენ.
ხოლო რაც შეეხება აფხაზეთს, აფხაზეთი ვინ დაკარგა, თუკი არ ახსოვთ, პრესისა და ტელევიზიების არქივში ჩაიხედონ. იოსელიანი, კიტოვანი და სიგუა გახლდათ ყველა ამ უბედურების მოთავენი. თუ არ ახსოვთ, აფხაზეთიდან ვინ გამოიქცა და ვინ ქურდობისა და ყაჩაღობისთვის იყო წასული. კიდევ ვიმეორებ, არქივებში ჩაიხედონ.