არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, რომ იქნებოდა დეზინფორმაციისა და ზიზღის ენის კამპანია და ეს ასეც ხდება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს.
„ფაქტია, რომ ყველაფერი, რაზეც მიდის საუბარი, ეს გახლავთ ან ზეპირი საუბარი ან ფურცლებზე დაწერილი საკითხები, როლის ფაბრიკაცია შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ესეც ფაქტია, აქედან გამომდინარე, ამაზე დაყრდნობით რამე ღრმა მსჯელობებს ვერ გავმართავთ. რაც შეეხება გამოძიებას, ეს არ წარმოადგენს ჩემს კომპეტენციას, როგორც პარლამენტის წევრისა, აქ რაიმე აზრი არ შეიძლება მქონდეს, ეს გახლავთ შესაბამისი სამართალდამცველი უწყებების კომპეტენცია, განსაზღვრონ, არის თუ არა აუცილებელი ამ რაიმე საკითხზე გამოძიების დაწყება,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ინტერნეტში ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.
საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.