პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ესტონელ სპიკერთან საუბრისას, ქართულ-ესტონური ურთიერთობების განვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური თანამშრომლობა ესტონეთთან, არის, მაგალითად, ეკონომიკური საკითხები - ვაჭრობა, რომელიც, შეიძლება, მეტად განვითარდეს ორ ქვეყანას შორის. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ესტონეთთან საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ეს მოიცავს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებსა და მეგობართა ჯგუფებს. ესტონეთის პარლამენტის სპიკერი განსაკუთრებით დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებითა და იმით, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საერთაშორისო საზოგადოებამ სიტუაციის შესამსუბუქებლად. ვისაუბრეთ ნატოში ინტეგრაციის გეგმებზე და რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მომავალზე. ჩვენ გამოვხატეთ სურვილი, რომ ასოცირებული სამეულის ქვეყნებს - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ევროკავშირის მხრიდან, მიექცეს უფრო მეტი ყურადღება და გამოვიყენოთ მეტი ინსტრუმენტი, რათა ეს ქვეყნები მალე დაუახლოვდნენ ევროკავშირს. ესტონელ სპიკერთან ვიმსჯელეთ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭებაზე. ესტონეთი ამ იდეას, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს, თუმცა, საჭიროა ევროკავშირის დონეზე მივაღწიოთ საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭებას. სპიკერს ძალიან მოკლედ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქართველოში ტარდება ადგილობრივი არჩევნები და ეუთო/ოდირის მისია დააკვირდება არჩევნებს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ქართული დელეგაცია ვენაში, პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს.