„იოსელიანის მიმართ წაყენებული ბრალდებები საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება. მოგონილია და პოლიტიკური ანგარიშსწორების ხასიათს ატარებს“ - დარწმუნებულია ჯაბა იოსელიანის ადვოკატი გოგმარ გაბუნია და ჯაბას, როგორც მაშინდელი დეპუტატისა და დეპუტატობის კანდიდატის დაპატიმრებას უკანონოდ თვლის.
ცნობისათვის: იოსელიანი 1995 წლის 14 ნოემბერს დააკავეს. მაშინ ამაზე ნებართვის გაცემის უფლება მხოლოდ ცსკ-ს, როგორც არჩევნების პერიოდში უმაღლეს ორგანოს, ჰქონდა. ადვოკატის თქმით კი, ცსკ-ს არავითარი ნებართვა არ გაუცია.
„ალიასთან“ ინტერვიუში რეზო ყიფიანი ამბობს, მოფერებით სოსოს მეძახიანო. მეც მოფერებით ბატონ სოსოს მივმართავ, - დაადასტუროს, რომ ჯაბას ბრალდებები ტერაქტთან დაკავშირებით ფაქტობრივად დაუდასტურებელია, - აცხადებს გაბუნია და გამოძიების სამხილებს უბრუნდება: „საქმეში არის განსასჯელ ხაჩიშვილის ჩვენება. მან გენპროკურორთან ნამდვილი ვაჭრობა გამართა: თუ სიკვდილს არ მომისჯით, სასურველ ჩვენებას მოგცემთო“. ხაჩიშვილს დასაწყისში ჯაბას საწინააღმდეგო ჩვენებები მიუცია, მაგრამ მოგვიანებით გადაუთქვამს.
ჯაბა იოსელიანის დამცველები დარწმუნებულნი არიან, რომ საქმის მასალების მიხედვით, ჯაბას წყალ-წყალა ბრალდებები აქვს. თუმცა გოგმარ გაბუნიას ოპტიმისტური განწყობა სულაც არ ეტყობა: „მართლმსაჯულების დღევანდელი დონის გათვალისწინებით სერიოზულ პერსპექტივას ვერ ვხედავ. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე“.
გალიების თაობაზე კი ბატონ გოგმარს ბევრი უფიქრია და ასეთი დასკვნა გამოუტანია:
„უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზეზი მოგონილია. ჩემი ვარაუდით, გალიებში ჩაკეტვა განსასჯელთა მხრიდან ბუნებრივ პროტესტს გამოიწვევს და სასამართლოს მათი დარბაზიდან გაძევების საშუალება მიეცემა, შემდეგ კი სასამართლო წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს დაეყრდნობა.
ფაქტიურად, ყველა, ჯაბა იოსელიანისა და ნიკა კვეზერელის გარდა, უსასტიკესი სასჯელებისთვისაა განწირული. ყურმოკვრით ვიცი, რომ განსასჯელთა ნაწილი თავს დამნაშავედ აღარ გრძნობს და მათ ამის დასაბუთების საშუალება აღარ მიეცემათ“.