მონიტორინგის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოში ბაზების მონახულებას განაგრძობს. დღეს, ირაკლი ალასანია, გაერთიანებული შტაბის უფროსთან, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძესთან, მის მოადგილეებთან, პოლკოვნიკებთან არსენ ცუხიშვილთან და ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად სენაკის მე–2 ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდნენ. ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ ირაკლი ალასანიას სამეთაურო შტაბი და საკომანდო პუნქტი დაათვალიერებინა. თავდაცვის მინისტრი სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობებს და არსებულ პრობლემებს გაეცნო.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან ერთად დღესვე ეროვნული გვარდიის მე–10 კადრირებულ ბრიგადას ეწვია. თავდაცვის მინისტრი ბრიგადის პირად შემადგენლობას გაესაუბრა და ბრიგადის შესახებ ინფორმაცია მეთაურისგან პირადად მიიღო. თავდაცვის მინისტრმა მათი პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა და დახმარება აღუთქვა. ირაკლი ალასანიამ ადგილზე სიმულაციური ცენტრი, ყაზარმები და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის მეორე რეგიონალური სამმართველოს მონახულების შემდეგ საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გადაინაცვლა. თავდაცვის მინისტრს სკოლის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს, რის შემდეგაც ირაკლი ალასანია ბაზაში არსებულ სასწავლო ინვენტარს და ინფრასტრუქტურას გაეცნო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას მუდმივად ეცნობა. მონიტორინგის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების პრობლემების გაცნობა და მათი მოგვარებაა.