საქართველოში პოპულარული მომღერლების სტუმრობა უკვე აღარავის უკვირს. ბათუმისა და თბილისის შემდეგ ცნობილი მომღერლები უკვე ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებსაც ესტუმრებიან.
ამჯერად გერმანული პოპ-ჯგუფის "მოდერნ თოქინგის” ერთ-ერთი სოლისტი თომას ანდერსი რუსთავში ჩავა.
მიზეზი რუსთავქალაქობაა, რომელიც 9 ოქტომბერს ქალაქის მერიის წინ გაიმართება.
მომღერალი გალაკონცერტს თავისუფლების მოედანზე გამართავს და შეკრებილი მსმენელისთვის ძველ და ახალ ჰიტებს შეასრულებს.
თომას ანდერსის კონცერტამდე რუსთავქალაქობის დღესასწაულის აღნიშვნა დილიდან დაიწყება.
გაიმართება სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები, იცეკვებს ანსამბლი ”ერისიონი”, ხოლო საღამოს უცხოელი ვარსკვლავი წარსდგება რუსთაველების წინაშე. რუსთავქალაქობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამდღიანია.
ამ ღონისძიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 160.000 ლარი გამოიყო, რასაც 50.000 ლარი პრეზიდენტის ფონდიდანაც დაემატა.
რუსთავის ხელმძღვანელობა არ აკონკრეტებს, თუ რამდენს უხდიან უცხოელ ვარსკვლავს ჰონორარის სახით და მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ რუსთაველები ასეთ დღესასწაულს ნამდვილად იმსახურებენ.