უცნაური ქვეყანაა საქართველო. ვისღა უკვირს აქ პარადოქსი, აბსურდი და უმადურობა. ანკი რატომ უნდა გაუკვირდეს, როცა ეს ყველაფერი და სხვა ათასგვარი სიმახინჯეც აქაურობას ლამის ცხოვრების წესად ექცა.
სამიოდე თვის წინ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ერთა თასი მოიპოვა. ეს იყო გამარჯვება, რომელსაც არავინ ელოდა და არავინ ითხოვდა. ვერავის წარმოედგინა, თუ ქართველებს სადმე რამის მოგება შეუძლიათ.
მაგრამ ამ საყოველთაო ხელმოცარვის და მარცხიანობის პირობებში გამოჩნდა ხალხი, ამ შემთხვევაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები და ყველას დაანახა, რომ მთლად დაქცეულები და გაუბედურებულები არ ვყოფილვართ, მოგებაც შეგვიძლია და კარგა ხნის წინ დაკარგული ღირსების აღდგენაც.
ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ქართველმა მორაგბეებმა ევროპის ერთა თასი გაჭირვების, უფულობის, უყურადღებობის, სტადიონებიდან გაძევების და სხვა მრავალი უბედურების პირობებში მოიპოვეს.
ვინ იფიქრებდა, რომ მორაგბეებს და მათ მწვრთნელებს მორალურ წახალისებას მაინც დაამადლიდნენ. აკი გადაწყვიტა კიდეც საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა და მისმა თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა მათი სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენა და ეს საკითხი თავად ქვეყნის პრეზიდენტს, ბატონ ედუარდ შევარდნაძეს შეუთანხმა.
ღირსების ორდენზე წარადგინეს ნაკრების ფრანგი მწვრთნელები კლოდ სორელი და ტიერი რუდილი, მორაგბეები - ლევან ცაბაძე, ზურაბ მჭედლიშვილი, ვანო ნადირაძე და ვიქტორ დიდებულიძე. ნაკრების დანარჩენი წევრები - ღირსების მედლებზე.
გუშინ ქართველ მორაგბეებს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში ჯილდოებზე უარი სტკიცეს. მიზეზი არ გაინტერესენთ? ევროპის ერთა თასის მოპოვება დიდი ვერაფერი მიღწევაა, თქვენი საქმე კიდევ განსახილველია და ამ ტიტულით სამთავრობო ჯილდოების ღირსები არ ხართ, თანაც დოკუმენტაცია არასწორედ შეგიდგენიათო.