გოგუაძემ პუტინს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ყიდვა მოსთხოვა

გოგუაძემ პუტინს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ყიდვა მოსთხოვა

საქართველოს პარლამენტის ექსპიკერმა, ბატონმა ვახტანგ გოგუაძემ თავი შეგვახსენა.

აღდგომის წინ იორდანეში განიბანა, თუმცა სულის სიმშვიდე ბერძნებმა დაურღვიეს, როცა იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში შესულს, რუსთაველის ფრესკასთან სურათის გადაღების საშუალება არ მისცეს.

ისრაელიდან ჩამოსული კი „დაჯდა წერად წერილისა“ პუტინის მიმართ, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, თუნდაც ასი მილიონი დოლარი დაგიჯდეს, იყიდე და საქართველოს გადმოეციო.

ჟურნალისტებს ბატონმა ვახტანგმა შემდეგი განუცხადა: „პუტინს ამას იმიტომ ვთხოვ, რომ დიდი პოლიტიკის გარეშე ჩვენს მონასტერს ვერ დავიბრუნებთ.“

ქართული ფილმის „დავით გურამიშვილის“ ერთი ეპიზოდისა არ იყოს, „ისიც მისწერე, გახშირდა ლეკთა თარეშიო.“

ბატონო ვახტანგ, თუ პუტინი ასე გაფასებთ, რომ 100 მილიონ დოლარსაც არ დაიშურებს თქვენთვის, იქნებ სხვათა შორის, იმ პრობლემათა ჯაჭვის გადაჭრაც გეთხოვათ მისთვის, თქვენ და რუსეთი რომ ჩვენი მთავრობის უთავბოლოობას აბრალებთ და ესენი კი, რუსეთის აგრესიად ნათლავენ.

ამდენს იმიტომ გიბედავთ, რომ როგორც თქვენგან შევიტყეთ, თქვენ ბრძანებულხართ ის კაცი, რომელსაც გითქვამთ, მე მზად ვარ მტრის გენერალს დავუჩოქო, ოღონდ საქართველო არ დამიჩოქონო და თუ ვინმე ღირსებას დამიწუნებს... ბოდიში და, ბებიამისს ჰკითხოს ღირსებაო.