კობა სუბელიანმა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაცია 2007 წლის 21 ნოემბერს შეავსო.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი თბილისში, გორგასლის ქუჩის 41 ნომერში ცხოვრობს მეუღლესა და შვილთან ერთად. მათ შესახებ დეკლარაციაში ვკითხულობთ:
კობა სუბელიანი დაიბადა 1978 წლის 3 ოქტომბერს საჩხერეში. მეუღლე თამარ სუბელიანი დაიბადა 1985 წლის 5 ნოემბერს ქალაქ თბილისში. ვაჟი ნიკოლოზ სუბელიანი 2007 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა ქალაქ თბილისში.
დეკლარანტის ოჯახის უძრავ-მოძრავ ქონებას შეადგენს ორი ბინა თბილისში. გორგასლის 41-ში მდებარე ბინა 80 000 დოლარად არის შეფასებული, ხოლო ბოგდან ხმელნიცკის 16 ნომერში მდებარე - 35 000 აშშ დოლარი ღირს.
დეკლარაციის შევსების დროს კობა სუბელიანს „სახალხო ბანკში“ სახელფასე ანგარიშზე 3 000 ლარი ჰქონდა.
2007 წლის 22 იანვარს 2010 წლის 22 იანვრამდე მას „სახალხო ბანკთან“ საკრედიტო ხელშეკრულება გაუფორმებია 34 400 ლარის სესხად აღების თაობაზე.
დეკლარაციის შევსების დროს მას ამ ანგარიშზე სესხის დაფარვის მიზნით შეტანილი ჰქონდა 13 924 ლარი. ამავე დროს მას ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული 1 500 ლარის ოდენობით.
კობა სუბელიანს არა აქვს ფასიანი ქაღალდები, არ ფლობს წილს საწარმოებში.
საანგარიშო წლის განმავლობაში საკრედიტო ხელშეკრულების გარდა არ გაუფორმებია რაიმე ხელშეკრულება, არ მიუღია ძვირფასი საჩუქარი, არ შეუძენია ძვირადღირებული ნივთი.