გაითვალისწინებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდებას, თუ ისევ შეთანხმების მიღმა დარჩება, ჯერ უცნობია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერისკენ პოლიტიკურ პარტიებს გუშინ მოუწოდა.
სააკაშვილის გუნდში ამბობენ, რომ საკითხზე პარტიაში იმსჯელებენ.
„ჩვენი პარტია არასდროს დაუჭერს მხარს 20 ივნისის დამნაშავეების პატიებას. არაერთხელ განგვიცხადებია, რომ თუ ამნისტიის ეს ვარიანტი დარჩება, ამ დოკუმენტს არ შევუერთდებით. თუ ამნისტია ამ ფორმით არ იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, იმავე დღეს შევუერთდებით“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის წევრი“, რომან გოცირიძე.
პარტიის კიდევ ერთი წევრი, ზაალ უდუმაშვილი კი აცხადებს, რომ, დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხზე, უნდა იმსჯელონ.
„უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. ესაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად აქვს აზრი ამ დოკუმენტზე ხელმოწერას მაშინ, როცა, პრაქტიკულად, ეს დოკუმენტი აღარ არსებობს“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
19 ივლისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა: „მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეთანხმებაზე ხელი არ აქვს მოწერილი, მოაწეროს ხელი მას“.