თითქმის, ყველაფერი გაიხსნა ქვეყანაში და მუშაობს წარმატებით, ეკონომიკამ დაიწყო ძალიან სწრაფი ტემპებით აღდგენა და გაჯანსაღება. მინდა, ვთხოვო ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს, ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ ჩვენ ხელახლა მოგვიწია შეზღუდვების შემოტანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებით, არამედ ტურისტებით არის სავსე ბათუმი და ზოგადად ჩვენი ტურისტული ადგილები.
„ჩვენი მოქალაქეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. როდესაც ბათუმში ვიყავით, სავსე იყო ყველა ადგილი, ყველა რესტორანი თუ ბარი, არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებით, არამედ ტურისტებით არის სავსე ბათუმი და ზოგადად ჩვენი ტურისტული ადგილები. აქედან გამომდინარე, მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ ჩვენ ხელახლა მოგვიწია შეზღუდვების შემოტანა. არც მინდა, სიტყვა დაკეტვა გამოვიყენო. ყველაფერი მოვხსენით, მოვხსენით ქუჩაში ნიღბის ტარების ვალდებულება, იმიტომ, რომ სიცხეში ნიღბის ტარება გაუსაძლისი იყო. რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს, ვისაც სურს, შეუძლია ქუჩაშიც ატაროს ნიღაბი, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ დახურულ სივრცეებში, გაჩერებებზე, ტრანსპორტში, სავალდებულოა ნიღბის ტარება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.