ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს - ყველა საშუალება გვაქვს, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს - ყველა საშუალება გვაქვს, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, მოქალაქეებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში, რადგან, ეპიდვითარების გაუარესება ქვეყანას უდიდესი გამოწვევების წინაშე დააყენებს.

„ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს დაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. ამიტომ, მინდა, წინასწარ, პრევენციული განცხადებები გავაკეთო. არ მინდა ეს მოხდეს. ამას დაემატება ის, რომ ქვეყანას დასჭირდება ვალის აღება. ეს ტვირთად დააწვება ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას და ძალიან გართულდება მდგომარეობა. გვაქვს ყველა რესურსი, ყველა საშუალება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ. დაახლოებით, 2-3 თვეში შეგვეძლება, 1.5 მილიონი მოქალაქის აცრა. ესაა ჩვენი ამოცანა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 390 945 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 367 130, გარდაიცვალა 5 592 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.