საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი კოვიდრეგულაციების გასაპროტესტებლად ათობით ათასი მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში. ინფორმაციას euronews ავრცელებს.
რეგულაციები სამედიცინო მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციასა და „ჯანმრთელობის ბარათების“ ტარებას გულისხმობს. „ჯანმრთელობის ბარათები“ გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც სრულად არიან აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ან აქვთ ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული უარყოფითი კოვიდტესტის ბარათი.
„სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის თავისუფლების დარღვევაა და მათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ სურთ თუ არა ვაქცინის გაკეთება“, - აცხადებენ დემონსტრანტები.
საფრანგეთის მთავრობა აცხადებს, რომ ახალი რეგულაციების მიზანი კორონავირუსის დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების შეჩერებაა, რომელიც ქვეყანაში პანდემიის ახალი ტალღის რისკს ზრდის. 16 ივლისს საფრანგეთში კორონავირუსის 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ივნისის თვის საშუალო მაჩვენებელზე სამჯერ მეტია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.