მართალია, თენგიზ კიტოვანი აგერ უკვე, 10 წელია, რუსეთში ცხოვრობს, თუმცა პერიოდულად მაინც ექცევა ხოლმე ქართული მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში.
სულ ბოლო ინფორმაციით, აფხაზ ვეტერანებს მათთვის თენგიზ კიტოვანის გადაცემა მოუთხოვიათ, ამ უკანასკნელს კი სანაცვლოდ ედუარდ შევარდნაძე შეუთავაზებია.
უფრო ადრე, რფ-ის დედაქალაქში საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებიც ეწვივნენ (რომლებიც ზვიად გამსახურდიას დაღუპვის მიზეზებს იძიებენ) და ჩვენება ჩამოართვეს. საზოგადოების ნაწილმა თენგიზ კიტოვანის ბოლო ნამუშევრად დანგრეული რუსთაველის გამზირი დაიმახსოვრა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მხატვრობას რუსეთის დედაქალაქშიც განაგრძობს, ოღონდ ამაზე ოდნავ მოგვიანებით.
საიდან შეიტყვეთ, რომ აფხაზები ითხოვდნენ თქვენს მათთვის გადაცემას?
– ეს ქართულმა ტელევიზიამ გამოაცხადა. შემდეგ ინტერნეტშიც დაიწერა, რომ თითქოს აფხაზმა ვეტერანებმა მოითხოვეს ჩემი გადაცემა. ეგონათ, რომ შემეშინდებოდა. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ქართველების გაკეთებულია, ვიდრე აფხაზების. არაფრის გამო დაიწყო ომი. ჩვენ გვინდოდა, დაგვეცვა ჩვენი პრესტიჟი და დაგვეცვა აზერბაიჯანისა და სომხეთის საქონელი, რასაც აფხაზი სეპარატისტები ძარცვავდნენ. ჯერ ერთი, ჩვენ შევედით რკინიგზის დასაცავად და, მეორეც, ქართულ ჯარს უფლება ჰქონდა, თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც უნდოდა, იქ გადაეადგილებინა თავისი ჯარი. მაშინ, გაგახსენებთ, რუსეთი აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიად აღიარებდა. ასე რომ, საპანიკო იქ არაფერი იყო. აფხაზეთის მიმართ ჯერ კომუნისტების დროს არ იყო სწორი პოლიტიკა, შემდეგ კი გამსახურდიამ აურია ყველაფერი, როდესაც აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში აფხაზებს 28 ხმა მისცა, ქართველებს კი – 26.
პირიქით, უფრო არ უნდა მოსწონებოდათ აფხაზებს, რომ ქართველებზე მეტი ხმა ჰქონდათ?
– და უფრო მეტი მოინდომეს. არძინბა გამსახურდიამ დანიშნა, რომელმაც შემდეგ სოხუმი კონფედერატების დედაქალაქად გამოაცხადა. არც ერთი სახელმწიფო არ მოითმენდა ასეთ სეპარატიზმს. თუმცა ამას იქაურმა მეგრელებმაც შეუწყვეს ხელი. მე უფრო იქაურ მეგრელებს ვდებ ბრალს, რომლებიც გააფხაზდნენ.
გითქვამთ, ჩემ ნაცვლად შევარდნაძე გადასცენო?
– ეს ჟურნალისტის ინტერპრეტაციაა. მე ვთქვი, რატომ მხოლოდ კიტოვანი, თუ ასეა საქმე, შევარდნაძეც გადავცეთ-მეთქი, რადგან მაშინ შევარდნაძე იყო სახელმწიფოს მეთაური. ან შევარდნაძე რა შუაშია? არავის არ აქვს ბრალი და, საერთოდაც, არავინ არავის არაფერს მოსთხოვს. ან როგორ აღარ მობეზრდათ იმის ლაპარაკი, კიტოვანი რუსეთის კაციაო?! მაშინ იმაზეც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ესენი ამერიკის კაცები არიან, საქართველოში შემოპარული ამერიკის ჯაშუშები.
რუსეთი ოკუპანტია, ამერიკა ჯერჯერობით არ არის შემჩნეული ასეთ საქციელში, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მიმართ. ალბათ, ამიტომაც არ ლაპარაკობენ „ამერიკის კაცებზე“?
– აქ ვარ ათი წელია, იმიტომ რომ ჩემი ცოლ-შვილი როგორმე ვარჩინო და შიმშილით არ ამოსძვრეთ სული.
ამბობთ, არაფერი არავის ბრალი არ არისო, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ეკუთვნით მათ, ვისი ქმედებების შედეგადაც დაიწყო საქართველომ ტერიტორიების დაკარგვა?
– ამ ამბისთვის კარგად უნდა მოგვევლო, რომ შევედით, ორ დღეში მთლიანად გაშეშდა აფხაზეთი. სხვათა შორის, აფხაზეთში შესვლისას მილიციის 8 თანამშრომელი დაიღუპა, გვარდია ამის შემდეგ შევიდა. ბევრმა ფაქტორმა შეასრულა როლი: ყველას თავისი ინტერესი ჰქონდა.
თუ შეხვედრილხართ მოსკოვში აფხაზებს, მათ შორის, იმ ადამიანებს, რომლებიც 1992 წელს თქვენ წანააღმდეგ იბრძოდნენ?
– როგორ, არა. ბევრი აფხაზი ვნახე აქ და ისინი ძალიან განიცდიან მომხდარს, რადგან იციან, რომ გაქრებიან. ამას პირველმა წინააღმდეგობა შამბამ გაუწია. ცდილობს, როგორმე შეაჩეროს რუსების მიგრაცია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რუსი შევიდა აფხაზეთში. ყიდულობენ ქართველების სახლებს და სახლდებიან. ჩვენი სახელმწიფო კი ახლა უძლურია, ამას ხელი შეუშალოს. თუ რადიკალური ზომები არ მივიღეთ, აფხაზეთი ჩვენთვის დაკარგულია.
„რადიკალურ ზომებში“ რას გულისხმობთ? ერთხელ ვიომეთ, წავაგეთ, მეორედ ვიომეთ – წავაგეთ; მესამედაც ვიომოთ? ახლა იქ ისეა გამაგრებული რუსის ჯარი, რომ მესამე ომი, ფაქტობრივად, გამორიცხულია?
– მანამდე უნდა მიეღო ზომები საქართველოს: ციხეში ჩამსვეს იმისთვის, რომ აფხაზეთის დაბრუნება მინდოდა. მითქვამს და ვიმეორებ: შევარდნაძე არ არის პოლიტიკოსი, შევარდნაძე არის ამერიკის ყურმოჭრილი მონა. ასეა მიშაც, რასაც ისინი ეტყვიან, იმას აკეთებს. ჰოდა, დაიკარგა აფხაზეთიც და შიდა ქართლიც.
ამერიკა რატომ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული აფხაზეთის და შიდა ქართლის დაკარგვით?
– ამერიკას სულ ფეხებზე ჰკიდია საქართველოს მთლიანობა. ნატოში დაკარგული ტერიტორიებით არავინ არ მიგიღებს. იძახდნენ, ნატო, ნატოო და ბოლოს კატო დახვდათ ნატოს ნაცვლად. მიზეზი მიეცათ, რუსებს ოკუპანტები ეძახონ. ეძახე და იყავი.
შევარდნაძის პროამერიკელობა რაში გამოიხატებოდა?
– შევარდნაძე 1992 წლის 3 სექტემბერს ამერიკაში ჩავიდა, მაშინ, როდესაც აფხაზებთან ცეცხლის შეწყვეტაზე პირველი ხელშეკრულება გავაფორმეთ და ომი გავაჩერეთ, და მოელაპარაკა სპეცსამსახურებს, რომ ამერიკა შემოვიდოდა, როგორც მაშველი ძალა და დადგებოდა აფხაზეთში. როგორც კი ელცინმა ეს გაიგო, მთვრალი იყო, დაარტყა მუშტი მაგიდაზე, შევარდნაძე „ნა ფიგო“ და შემოიყვანა რუსის ჯარი. შემდეგ რუსებს უნდოდათ აფხაზეთის გაყოფა. გრაჩოვმა და ელცინმა შესთავაზეს შევარდნაძეს, სამშვიდობო ძალებს შემოვიყვანთ და ჩავაყენებთ გუმისთაზეო. სოხუმს აქეთ ტერიტორია ჩვენ დაგვრჩებოდა, აფხაზები კი სოხუმს იქით გაიხვეტებოდნენ, მაგრამ შევარდნაძემ უარი უთხრა. აი, ამის შემდეგ ვფიქრობ, რომ შევარდნაძემ შეგნებულად დაკარგა აფხაზეთი: რუსები მერე გუმისთაზე კი არა, ენგურზე დააყენა.
ესე იგი ამერიკის კი არა, რუსეთის კაცი გამოდის, არა?
– შევარდნაძე ყველას კაცი იყო.
კოკო გამსახურდია იძიებს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებას...
– გარდაცვალებას კი არა, მკვლელობას. ზვიადი ორი ტყვიითაა მოკლული. ამას რომ ვამბობდი, ყველა ხითხითებდა. ახლა გამოიფხიკეს ყურები! ზვიადი მოკლეს ორი ტყვიით, თანაც მაგრადაა ნაცემი, ექსპერტიზის დასკვნით, ორი ნეკნი აქვს გატეხილი.
ვინმემ გითხრათ თუ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?
– რად მინდა ვინმეს თქმა?! არ შეიძლებოდა, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, ფეხებში ჰქონოდა იარაღი, იატაკზე დაუვარდებოდა.
ალბათ.
– ალბათ, კი არა, ეგრე იქნებოდა! თანაც ერთი ტყვია, ზემოდან ნასროლი, გამოსულია ყურთან, მეორე, ყელში გავლილი, მოხვედრილია საწოლის კიდეზე. ეს იმას მიანიშნებს, რომ პირველი ტყვია კისერში მოხვდა, მეორე კი ზემოდანაა დახლილი თავში მაყუჩიანი იარაღით. გუგუშვილი ამბობს, ტაშტის ხმა გავიგონეო. ტაშტის ხმა მაყუჩიან იარაღს აქვს. წარმოიდგინეთ, „სტეჩკინის“ ტიპის იარაღი, მაყუჩგაკეთებული. ძალიანაც რომ მოინდომოს ვინმემ, თავს ვერ მოიკლავს, იმდენად დიდია, უბრალოდ ვერ მიიდებს საფეთქელზე. რად უნდა ამას ექსპერტი, ისედაც ყველა მიხვდებოდა.
ნაცემიაო, საიდან ასკვნით?
– ორი ნეკნი აქვს მოტეხილი. შეიძლება, მანამდე დავარდა და იქ დაუზიანდა, მაგრამ, ექსპერტის დასკვნით, ორი ნეკნი აქვს გატეხილი.
კომისიის წევრებს რა ჩვენება მიეცით, თუ საიდუმლო არ არის?
– მოკლულია-მეთქი და ამაში დიდი მონაწილეობა აქვთ მიღებული ავთო იოსელიანს, შოთა კვირაიას, ედუარდ შევარდნაძეს და გია გულუას. აი, ეს ოთხი კაცი იყო მკვლელობის ავტორი. ავთო მარგიანი ტრაბახობდა, 50 000 დოლარი დაგვიჯდა მაგის მოშორებაო.
რას ამბობთ?!
– ახლობლებთან აქვს ნათქვამი. ამ საქმეს არავინ გამოიძიებს, სანამ შევარდნაძე ცოცხალია. მე, რა, არ შემეძლო სულ ყველას დახოცვა მანდ?! მაგრამ ერთი კაციც არ მომიშორებია თავიდან და არც სურვილი გამჩენია, ვინმე მომეშორებინა თავიდან.
შევარდნაძის პერიოდში რამდენიმე ტერაქტი მოხდა, დახოცეს ხაბეიშვილი, გულუა, ჭანტურია. ამ საქმეებზეც არ შეიძლება ხმამაღლა ლაპარაკი?
– გამოძიებამ ყველაფერი იცის. ჭანტურია შევარდნაძის მოკლულია. ჭანტურია მივიდა და უთხრა, პრეზიდენტი მე უნდა გავხდე და, თენგიზის საბადოებში რომ გაქვს წილი, უნდა დამითმოო. შევარდნაძემ უთხრა, კი, შვილოო, და გააგორა კიტრივით.
გულუა, როგორც შემსრულებელი, ისე მოიცილეს?
– ყველა მოწმე დახოცეს. მე გამოვასწარი. ზვიად გამსახურდიას მკვლელობა უნდა გაირკვეს. პრეზიდენტის მკვლელობა არავის არ უნდა შერჩეს.
ამ ბოლო დროს ზვიად გამსახურდიას აბრალებენ აფხაზეთის ომის დაწყებას. თქვენ რას იტყვით?
– ზვიად გამსახურდიას ბრალი იყო ყველაფერი. 28 ხმა იმას ნიშნავდა, რომ აფხაზი ყველაფერში თავისას გაიტანდა. სამეგრელომ დიდი დანაშაული ჩაიდინა იმით, რომ იძარცვებოდა მატარებლის ეშელონები. მათ ეგონათ, რომ საქართველოს ზვიად გამსახურდია დაუბრუნდებოდა. სამეგრელოს გამო დასუსტებული იყო აფხაზეთის ფრონტი.
ომის შემდეგ, რაც „მხედრიონმა“ გააკეთა სამეგრელოში, იმაზე უარესი არაფერი გაუკეთებია სამეგრელოს?
– რა თქმა უნდა. სოფლები გადაწვეს. მეგრელები გაამწარეს. არადა, რას ერჩი შენს ხალხს, რატომ უწვავ სახლებს?! რატომ ძარცვავ მოსახლეობას?!
რუსთაველზე ომის დროსაც დაიწვა უბრალო მოსახლეების სახლები?
– რუსთაველზე სახლები დაიწვა იქიდან გამონასროლი ტრასირებული ტყვიებით. ტრასირებული ტყვიები ჩვენ არ გვქონია. ისინი ინახებოდა „ემვედეს“ საწყობში. იმ ტრასირებულმა ტყვიებმა დაწვა რუსთაველზე სახლები. ჩვენ ვაქრობდით ხანძრებს. რაც შევძელით, გადავარჩინეთ, რაც არა, დაიწვა. ისე, მთავრობის სახლი ჩვენ დავწვით, ეს დასამალი არ არის. მაგის დანგრევა მინდოდა, კომუნისტების აშენებული რომ იყო, იმიტომ.
კომუნისტების აშენებული ბევრი რამეა, თუ დავანგრიეთ, არაფერი დაგვრჩება.
– მაგრამ მირიანაშვილმა, მშენებლობის მინისტრმა მითხრა, ძვირი დაგვიჯდებაო.
ამიტომ გადაიფიქრეთ?
– (იცინის).
დღევანდელი გადასახედიდან, რომ გცოდნოდათ, რაც მოჰყვებოდა ზვიად გამსახურდიასთან დაპირისპირებას, მაინც ისევ ისე მოიქცეოდით?
– თბილისის ომი უცბად დაწყებული ომი იყო, ამას არავინ მოელოდა. რომ არა ლელესა და მოლოდინაშვილის ბრძანება, ესროლათ მოსახლეობისთვის.
იქ შეიარაღებული ხალხი იდგა, მოსახლეობა რა შუაშია?
– იქ მაშინ კაციშვილი არ იყო, მხოლოდ ექვსი გვარდიელი, რომლებიც თენგიზ სიგუას იცავდნენ. მე გეტყვით, როგორც მოხდა: ლელე შევარდა შინაგან ჯართან და უთხრა, ადექით რას უყურებთ, ესროლეთო.
მე გკითხეთ, ღირდა-მეთქი გვარდიის რკონში გაყვანა და დაპირისპირება?
– რკონში გვარდია ოთხ აგვისტოს გავიდა, გეგმური წვრთნები გვქონდა. 28 აგვისტოს ჩამოვედი, შევხვდი ზვიადს, გადავეხვიეთ ერთმანეთს, ვაკოცეთ და ჩამოველი უკან. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი. როდესაც დავბრუნდი, ისეთი უარყოფითი დამოკიდებულება იყო გვარდიის მიმართ, რომ იძულებული ვიყავით, ოპოზიციაში გადავსულიყავით. ზვიადს ომი დააწყებინეს. პირდაპირ გეტყვით და დაწერეთ: მანანასთვის რომ არ დაეჯერებინა, დღეს ზვიადი პრეზიდენტი იქნებოდა. მანანა არჩვაძემ დაღუპა ზვიად გამსახურდია.
ვუწოდებთ თუ არა, რუსეთი ოკუპანტია, რომელმაც წაგვართვა ტერიტორიები. არ გიჭირთ რუსეთში ცხოვრება?
– როგორ არა, ქართველებს მაგრად უჭირთ ყველგან, მაგრამ, საქართველოში რომ ჩამოვიდე, რა გავაკეთო?! ხომ ვიცი, „შპიონების“ მთელი ქსელი დამეხვევა და შეიძლება, საქმე გამირთულდეს. მანდ არ ვარ და ჩემი სიძე დაიჭირეს.
რუსეთის მოქალაქე ხართ?
– არა, საქართველოს პასპორტი მაქვს. ვადა გაუვიდა და შეტანილი მაქვს გამოსაცვლელად.
მაგრამ, ალბათ, რუსეთში ლეგალურად ხართ, თორემ გამოგაძევებდნენ?
– მე ყველგან მცემენ პატივს ჩემი წესიერებით და პატიოსნებით, არავისთვის მიწყენინებია, ლეგალურად ვარ თუ არალეგალურად, მე თენგიზი ვარ კიტოვანი, ბოლოს და ბოლოს, ყველა მიცნობდა. აქ ბევრი ქართველია, რომლებსაც პატივს სცემენ.
ქართული პასპორტით მოძრაობთ რუსეთში?
– დიახ. მე რომ აქაური მოქალაქე ვიყო, მაშინ აქაური პენსია უნდა მქონდეს.
მუშაობთ?
– ვხატავ, ბევრი ნახატი გავაკეთე. ძალიან მოსწონთ და ყიდულობენ.
თქვენი სახლი გაქვთ?
– ჩემი სახლი არა – ფლავი. ნაქირავები მქონდა, მაგრამ ჩავაბარე. უფრო იაფიან სახლში გადავედი სოფელში. მოკლედ, დაანებონ თავი იმაზე ლაპარაკს, „რუსების კაციაო“. მსგავსი არაფერი მითქვამს, შევარდნაძე გადასცენ-მეთქი, მაშინ მიშას რატომ არ გადასცემენ ამერიკას?! ათი წელიწადია, აქ ვცხოვრობ, ერთხელ მაინც თუ გაუგონიათ ჩემი ხმა?! რა თქმა უნდა, გავმწარდი, როდესაც საქართველომ ტერიტორიები დაკარგა, მაგრამ აქ ლავროვის პოლიტიკაა და მეტი არაფერი, რასაც გასომხებისკენ მიჰყავს მთელი საქართველო.
მკითხველს შევახსენებ, რომ ლავროვი თბილისელი სომეხია.
– აფხაზეთი რომ აღიარეს რუსებმა, აქ ორ დღეში გაჩნდა სტატიები, აფხაზეთი სომხეთისააო, გული გამისკდა. ვკითხე მიშა სააკაშვილს და არ მიპასუხა, ახლაც ვეკითხები: რა უნდოდა 8 აგვისტოს ბორჯომთან სომხეთის სპეცრაზმს?!