კელი დეგნანი: საქართველოს ხელისუფლებისგან უნდა იყოს მკაფიო გზავნილი, რომ ძალადობისკენ წამქეზებლების და თავდამსხმელების მიმართ შედეგები დადგება

კელი დეგნანი: საქართველოს ხელისუფლებისგან უნდა იყოს მკაფიო გზავნილი, რომ ძალადობისკენ წამქეზებლების და თავდამსხმელების მიმართ შედეგები დადგება

ძალადობა მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებისგან უნდა იყოს მკაფიო გზავნილი, რომ ძალადობისკენ წამქეზებლებისა და თავდამსხმელების მიმართ შედეგები დადგება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 5 ივლისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი მთავრობის ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემო უზრუნველყოს, რათა მათ გამოიყენონ კონსტიტუციით დაცული უფლებები.

ელჩის განმარტებით, აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები არ გაკეთებულა ნაჩქარევად, ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რაც ძალიან სერიოზულად უნდა იყოს აღქმული.

„სანქციები არის მრავალ ინსტრუმენტს შორის ერთ-ერთი. თქვენ იხილეთ აშშ-ის საელჩოს და სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები, რომ ჩვენ ღრმად იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ პროცესი, რომლის შეჩერებისკენ მოვუწოდებდით, წარიმართა მრავალი ჩართულობის შემდეგ. ეს არის ის, რაზეც საქარველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია შეთანხმდა, რომ ეს დანიშვნები შეჩერდებოდა ფართო, ინკლუზიური, მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის ჩატარებამდე. ეს ჯერ არ მომხდარა და სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ ეს მოსამართლეები დაინიშნენ. პარლამენტს შეეძლო ამ პროცესის შეჩერება. აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები არ გაკეთებულა ნაჩქარევად, ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რაც ძალიან სერიოზულად უნდა იყოს აღქმული და არ იყოს უგულებელყოფილი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.