ზაზა გახელაძე, რომელსაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა და რომელიც ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა, დაკავების დღეს იხსენებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც მის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა.
„მე და ჩემი ოჯახის სოკოს საკრეფად ვიყავით წასულები, თოფი მქონდა ახალი ნაყიდი. ტყეში მივდიოდით და ჩემი ძაღლიც გავიყოლე. კრეფის პროცესში ვიყავი, უკნიდან რომ დამიძახეს რუსებმა. მივტრიალდი, რომ დავინახე, რომ იარაღს მიმიზნებდნენ, გავიქეცი ტყეში. ამის შემდეგ, პირდაპირ, სროლა დამიწყეს. დავიჭერი. ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ გადმოსულები, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე. დაარღვიეს ყველაფერი, რაც შეიძლება დაარღვიო. სინამდვილეში, პირდაპირ სროლა დამიწყეს. როცა უკვე მივხვდი, რომ განწირული ვიყავი, მართალია, მოშორებით იყო ჩემი მეგობარი, ერთი ჰაერში გავისროლე, რომ ის მაინც გამეფრთხილებინა და გადამერჩინა. ბოლოს, როცა გავიგე, რომ პატრიარქი იყო ჩართული, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ძალიან მალე მოხდებოდა. პატრიარქმა, მისმა სიტყვამ და წერილმა უფრო დააჩქარა ეს ყველაფერი. ყველას მადლობა, ვინც საქმე გააკეთა, თუნდაც სიტყვით, საქმითა და ჩემი ოჯახის გვერდით დგომით. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პატრიარქს, ჩვენს ირაკლი ღარიბაშვილს, მადლობა ყველას“, - ამბობს ზაზა გახელაძე.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 14 ივლისს გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების პროცესში ჩართული იყვნენ მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.
8 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა. პრემიერი ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან.