კარგია იმის ხილვა, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს უბრუნდება. უკანონო დაკავებები მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „ტვიტერში“ წერს.
„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის საშუალებით, ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებით, ხელი შეუწყო ამ პოზიტიურ შედეგს“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.
ცნობისთვის, ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ მას 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ზაზა გახელაძე 14 ივლისს შეიწყალა.