ირაკლი ღარიბაშვილი: ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა რესურსი, ყველა ბერკეტი იქნა გამოყენებული

ირაკლი ღარიბაშვილი: ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა რესურსი, ყველა ბერკეტი იქნა გამოყენებული

მთელი ერი ხარობს, ყველა ძალიან გახარებულია, მთელი მოსახლეობა ერთი წლის განმავლობაში გულშემატკივრობდა ზაზას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში მთავრობა ინტენსიურად მუშაობდა და ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის ყველა რესურსი იქნა გამოყენებული.

„დიდი მადლობა ზაზას მშობლებს, მის მეუღლეს, შვილებს. დიდი მადლობა ზაზას გმირობისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველას გვიხარია ზაზას გათავისუფლება. მთელი ერი ხარობს, ყველა ძალიან გახარებულია. მთელი მოსახლეობა ერთი წლის განმავლობაში გულშემატკივრობდა ზაზას. ძალიან მიხარია, რომ ეს დღე დადგა. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ. ყველა რესურსი, ყველა ბერკეტი იქნა გამოყენებული ყველა დონეზე პრაქტიკულად და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მონაწილე ვარ ამ პროცესის. ძალიან ბევრ ვერსიას მოისმენთ. მე გთხოვთ, რომ ვერსიებს აღარ მოუსმინოთ, ჩვენ შევხედოთ შედეგს. შედეგია ის, რომ ზაზა არის თავისუფალი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა დღეს გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების პროცესში ჩართული იყვნენ მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.

8 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა. პრემიერი ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან.