ჩვენი მთავრობის ინტენსიური მუშაობის შედეგად, პატრიარქის, პრეზიდენტის ჩართულობით, ზაზა გახელაძე თავისუფალია-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერგნეთში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, სადაც ის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულ ზაზა გახელაძეს დახვდა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა.
„პირველ რიგში მადლობა ზაზას, ამ გმირ და ვაჟკაც კაცს, ნამდვილად. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი პატრიარქის უშუალო ჩართულობით, პრეზიდენტის ჩართულობით, რა თქმა უნდა, მთელი მთავრობა ვიყავით მობილიზებული ამ თვეების განმავლობაში ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა არის თავისუფალი. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა, მადლობა ჩვენს პატრიარქს, პრეზიდენტს და რა თქმა უნდა, ყველა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, სუს-ის ხელმძღვანელობას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ გმირი კაცის ოჯახს- მის დედას, მამას, მეუღლეს და შვილებს, რომლებიც ელოდებიან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა დღეს გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების პროცესში ჩართული იყვნენ მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.
8 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა. პრემიერი ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან.