კახა კუჭავა: ზაზა გახელაძე ოჯახს დაუბრუნდება, ოკუპაცია მალე დასრულდება, ოკუპაცია დროებითია

კახა კუჭავა: ზაზა გახელაძე ოჯახს დაუბრუნდება, ოკუპაცია მალე დასრულდება, ოკუპაცია დროებითია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ეხმაურება.

მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების თანმიმდევრული მხარდაჭერით ოკუპაცია მალე დასრულდება, ოკუპაცია დროებითია.

„ერთ წელზე ხანგრძლივი უკანონო პატიმრობის შემდეგ ზაზა გახელაძე ოჯახს დაუბრუნდება. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების თანმიმდევრული მხარდაჭერით ოკუპაცია მალე დასრულდება, ოკუპაცია დროებითია“, - წერს კუჭავა „ტვიტერზე“.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.