გია აბაშიძე: პრემიერ-მინისტრის, საზოგადოების აქტიურობამ,  საპატრიარქოს ჩართულობამ, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - ზაზა გახელაძე თავისუფალია

გია აბაშიძე: პრემიერ-მინისტრის, საზოგადოების აქტიურობამ,  საპატრიარქოს ჩართულობამ, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - ზაზა გახელაძე თავისუფალია

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საზოგადოების აქტიურობამ, მათ შორის საპატრიარქოს ჩართულობამ და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - ზაზა გახელაძე ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ 'შეიწყალა”- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე. 

მისი თქმით, ეს ის მნიშვნელოვანი თემაა, როცა, რაც არ უნდა განსხვავებულნი და დაპირისპირებულნი ვიყოთ, ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ.

„22 ივნისს, როცა ზაზა გახელაძის ოჯახს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესტუმრნენ და ცხინვალის ციხეში მყოფი უკანონო პატიმრის გათავისუფლებაზე პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილი მისწერა და ხელისუფლებასთან შუამდგომლობა სთხოვა, იმედის ნაპერწკალი გაჩნდა. 

გუშინ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებამ, რომ ოკუპანტების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით, სიტუაცია იმედისმომცემი იყო, კიდევ უფრო განამტკიცა სასიხარულო მოლოდინი. და ეს მოლოდინი დღეს გამართლდა.  ვულოცავ ზაზა გახელაძეს, მის ოჯახსა და ახლობლებს, ვულოცავ ყველას! ეს ის მნიშვნელოვანი თემაა, როცა, რაც არ უნდა განსხვავებულნი და დაპირისპირებულნი ვიყოთ, ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ. ერთიანობით, მრავალმხრივი ძალისხმევით და დიდი მოთმინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წინსვლა შეგვიძლია საქართველოს დეოკუპაციასა და გამთლიანებაში“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ის გვერდზე.