ყველა ის, ვინც ქვეყანას აჯანჯღარებს, ვინც ქმნის დესტაბილიზაციის განცდას, ვინც ხელს უწყობს იმას, რომ განზოგადებული ფსიქოზი მეფობდეს ამ ქვეყანაში, აკეთებს ამ ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეს ნებსით თუ უნებლიეთ, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. ვიცე-პრემიერის თქმით, ქვეყანაზე ვერავინ იზრუნებს, გარდა ამ ქვეყნის შვილებისა.
„ამ ქვეყანაში არის მიმდინარე ოკუპაცია, აქვს უამრავი გამოწვევა და მასზე ვერავინ იზრუნებს გარდა ამ ქვეყნის შვილებისა, არიან ეს შვილები რადიკალური, მოზომილები, მართლმადიდებელი ქრისტიანები, მუსლიმები, ჰეტეროსექსუალები თუ ლგბტ თემის წარმომადგენლები - ეს ქვეყანა არის სწორედ ამ ქვეყნის შვილების და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ შევიწყნაროთ ერთმანეთი და საკუთარი პოლიტიკური ინტერესის საჯიჯგნად არ ვაქციოთ გარდაცვლილი ოპერატორის ტრაგედია და ასევე არ ვაქციოთ ლგბტ თემი თუ სხვა უმცირესობები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად, იმიტომ რომ ეს შემდეგ აზიანებს ქვეყნის საქმეს“, - განაცხადა წულუკიანმა.