ეს არის უნამუსო ხალხი, რომლებსაც სურთ, რომ ქვეყანა დაიქცეს, - ასე შეაფასა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენები.
„ეს არის ის რეალობა, რასაც აქ უყურებთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
დღის განმავლობაში, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა ჯერ პარლამენტის უკანა შესასვლელთან, შემდეგ კი - უშუალოდ შენობაში. ჟურნალისტების ნაწილი შენობაში შესვლას ცდილობდა და აცხადებდა, რომ საშვის მიუხედავად, მათ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებდნენ. მას შემდეგ, რაც მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა 12:00 საათზე ამოიწურა, მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ტრიბუნას იქამდე არ გაათავისუფლებდნენ, ვიდრე პრემიერი არ გადადგებოდა.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დეპუტატებიც. სიტუაციის განმუხტვას მანდატურის სამსახური ცდილობდა.
მოგვიანებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ტრიბუნა გაათავისუფლებინეს და რიგგარეშე სხდომა დაიწყო. თუმცა, არც ამის შემდეგ წარმართულა სხდომა მშვიდ გარემოში: ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი, დემონსტრაციულად, მას შემდეგ დატოვეს, რაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ მიუთითა, რომ კითხვები მხოლოდ პროცედურულ საკითხებზე დაესვათ და არ გამოეყენებინათ კითხვისთვის განკუთვნილი დრო პოლიტიკური განცხადებებისთვის.