სისხლის სამართლის საქმე უკვე 20 ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძე „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
5 ივლისის ძალადობის აქცია სრულიად მიუღებელია და სამართალდამცველები დამნაშავეების მიმართ ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებენ.
„სისხლის სამართლის საქმე უკვე 20 ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მათ ბრალი აქვთ წაყენებული. ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ თითოეული პირი, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება და კანონის უმკაცრესი ზომით აგებს პასუხს.
მან გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი მთელი ქვეყნისთვის ტრაგედიაა.
„ამ ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ, რომ შსს-მ მყისიერად გაატარა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული ქმედებები. ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც ოჯახის მიერ სანდოობის პრინციპით შერჩეული ჩაერთო. ჩვენ ვნახეთ ექსპერტის პირველადი განცხადებები, რომლითაც ის მიუთითებს, რომ სიკვდილი არ უნდა იყოს გამოწვეული 5 ივლისის მომხდარი მოვლენებით“, - განაცხადა მიქანაძემ.
ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.