(იბეჭდება შემოკლებით)
გუშინ, რუსეთის მეორე არხმა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა: შეხვედრის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აფხაზეთის ბლოკადის საკითხი დააყენა.
ამ ინფორმაციამ თბილისი ლამის შოკში ჩააგდო.
სახელისუფლო სტრუქტურებში შეტყობინების გამალებული გადამოწმება დაიწყო.
ირაკლი მენაღარაშვილის რეპუტაცია ბევრმა ეჭვის ქვეშ დააყენა. მაგრამ სარწმუნო წყაროებმა დედაქალაქი დაამშვიდა - მენაღარაშვილს მსგავსი არაფერი უთქვამს და არც მომავალში აპირებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეზინფორმაციას პროვოკაცია უწოდა: ინფორმაცია ჟენევის ნორმალური მსვლელობისთვის ხელის შეშლას მიზნად ისახავდა - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ბატონი ვახტანგ ყოლბაიას განმარტებით, აფხაზეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაზე საუბარი მართლაც იყო. ოღონდ, თბილისის გავლით.
ეს პოზიცია თბილისმა შარშან მოსკოვში გამართულ სამმიტზე ოფიციალურად დააფიქსირა. მაშინ საქართველოს წინადადება გაიზიარეს. შედგა დოკუმენტი, რომელიც ეკონომიკურ სანქციებს ითვალისწინებდა.
დოკუმენტი რუსეთსა (და ყველა სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოს) აფხაზეთთან ეკონომიკური ურთიერთობისას თბილისთან შეთანხმებას ავალდებულებდა. ამის გარდა, დოკუმენტი ნებისმიერ კომერციულ სტრუქტურებს აფხაზეთის სტრუქტურებთან ხელშეკრულების დადებას უკრძალავდა.
ჩერნომირდინის ბრძანებულებამ სამმიტის შეთანხმება თავდაყირა დააყენა. ბატონმა ჩერნომირდინმა, ელცინის წინააღმდეგ გაცურა და აფხაზეთთან ეკონომიკური ურთიერთობის პირდაპირი გზა გაჭრა.
თუმცა, რამდენად ეწინააღმდეგება ეს ბრძანებულება რუსეთის პრეზიდენტის ინტერესებს, ძნელი სათქმელია.
რუსეთი კონფლიქტის ზონიდან 10 ათასი ტონა ციტრუსის, 2 ათასი ტონა ჩაის, 300 ათასი ტონა დაფნის ფოთლისა და მილიონნახევარი ლიტრა ხეხილის წვენის გამოტანას აპირებს.