გიორგი გახარია ყოველთვის მოქმედებდა როგორც ლიდერი, თუნდაც პანკისის ხეობის შემთხვევაში, რომელიც არაერთხელ ახსენეს ოპონენტებმა, თუნდაც კლუბებთან დაკავშირებულ პროტესტთან მიმართებით, ნებისმიერ შემთხვევაში გიორგი გახარია პროაქტიულად ჩადიოდა პანკისის ხეობაში, პროაქტიულად ახერხებდა, რომ გასულიყო მომიტინგეებთან, თვალებში ჩაეხედა ყველასთვის და ძალიან კონკრეტულად მოეგვარებინა პრობლემები , - ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ლევან დოლიძემ, მმართველი პარტიის წევრების მხრიდან გიორგი გახარიას მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას.
მისივე განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარია დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის რანგში საუბრობს სისტემაში არსებულ იმ გამოწვევებზე, რომლებზე საუბრისგანაც თავს იკავებდა, როდესაც სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა. ლევან დოლიძის შეფასებით, გახარია ყოველთვის გამოირჩეოდა პოლიტიკური სითამამით.
„გახარია ნებისმიერ შემთხვევაში ახერხებდა, ძალიან მკაფიო ყოფილიყო მისი პოზიცია ნებისმიერ, თუნდაც მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით და მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ გიორგი გახარიას პოზიცია დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დიამეტრულად განსხვავდებოდა იმ პოზიციისგან, რომელსაც ახმოვანებდა პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა წარმომადგენელი, მათ შორის, მმართველი პარტიიდან. ამიტომ, თუ რამეზე შეიძლება ვერ შევედავოთ გიორგი გახარიას, ეს არის მისი სითამამე და ეს არის მის მიერ პოლიტიკური ლიდერობის გამოვლენის უნარი და როდესაც მისი ოპონენტები ცდილობენ გაავლონ პარალელები სხვადასხვა ოპერაციებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ გიორგი გახარია ყოველთვის მოქმედებდა როგორც ლიდერი“, - განაცხადა ლევან დოლიძემ.
მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრისა თუ პრემიერობის რანგში გიორგი გახარიას ქმედებებისგან განსხვავებით, 5-6 ივლისს განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ სახელმწიფომ ვერ გამოავლინა საკუთარი თავი, გაჩნდა სივრცე, სადაც სახელმწიფომ თავისი როლი ვერ შეასრულა, რომლის შედეგადაც საზოგადოებამ იხილა მსგავსი მასშტაბის ძალადობა.
„ჩვენ რაც ვიხილეთ, იყო ძალიან მძიმე საყურებელი. ჩვენ ფაქტობრივად დავინახეთ სერიოზული სისუსტე სახელმწიფო ინსტიტუტების. დავინახეთ, რომ სახელმწიფომ ვერ გამოავლინა თავისი თავი იმ კონკრეტულ სეგმენტზე, სადაც საჭირო იყო მოქმედება და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყოველთვის იქ, სადაც მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავისი ფუნქცია და იკვეთება სახელმწიფოს სისუსტე, ჩნდება გარკვეული სივრცე, რომელსაც სახელმწიფო ვერ ავსებს, ბუნებრივია, იქ ყოველთვის ფეხს იკიდებს რადიკალიზმი, იქ ფეხს იკიდებს ძალადობა და ეს არა არის ჩემი შეფასება, ეს არის თეორიულად დამტკიცებული რეალობა. პროცესები, რომლებიც განვითარდა გუშინწინ, ბუნებრივია, არის შედეგი იმ სისუსტისა და არაპროფესიონალიზმისა, რომელიც ჩვენ დავინახეთ სახელმწიფოს მხრიდან. სისუსტეები მომავალშიც იქნება, სამწუხაროდ, ვინაიდან ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები გარკვეულწილად მოწყვლადი არიან. მე რასაც ვუყურებ ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, რეალურად ხელისუფლება შედის იმ სპირალში, იმ ჩიხში, საიდანაც გამოსვლა ქვეყნის სასიკეთოდ შეიძლება მხოლოდ სერიოზული და ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებების შედეგად“,- განაცხადა დოლიძემ.