ევროპარლამენტის წევრები უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონის გაუქმებას ითხოვენ და ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ, ბუდაპეშტს სანქციები დაუწესონ.
ჰოლანდიელმა ევროპარლამენტარმა სოფი ინტ ველდმა განაცხადა, რომ უნგრეთს ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური კანონი აქვს.
ევროპარლამენტის რეზოლუცია იურიდიული ზომების მიღებასა და უნგრეთისთვის ევროკავშირის გადახდების შეჩერებას ითვალისწინებს, თუ კანონი არ გაუქმდება.
15 ივნისს უნგრეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებში LGBT მასალებს კრძალავს. ახალი კანონის მიხედვით, სასკოლო სახელმძღვანელოებსა და საბავშვო ტელეარხებში აიკრძალება ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა LGBT თემი, სექსუალური უმცირესობა და ა.შ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ახალი კანონი ბავშვების დაცვაზეა ორიენტირებული და არ არღვევს სექსუალური უმცირესობების უფლებებს.
7 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნგრეთის ხელისუფლებას ანტი-ლგბტ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უნგრეთი ევროკავშირის კანონმდებლობის სრული ძალის წინაშე აღმოჩნდება, თუ უკან არ დაიხევს.