სისხლდალეული

სისხლდალეული

ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ჩვენი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი „The Vampire Diaries“ ვამპირული საგის ერთგული მაყურებელი.

გასულ კვირას გავრცელებული ჩანაწერის თანახმად (თუ ყური არ გვატყუებს და ნეტავ, გვატყუებდეს!), სამინისტროში შეკრებილ დირექტორებს მინისტრი, სწორედაც რომ, მათი სისხლის დალევას ჰპირდება, მას შემდეგ, რაც აუწყებს, რომ ამიერიდან სპორტული მოედნების მოწყობისთვის გამოყოფილი თანხა უშუალოდ საჯარო სკოლების ადმინისტრაციებს გადაეცემა.

კერძოდ, ჩანაწერში ისმის ხმა, რომელიც უბნობს: „სამინისტრო გადასცემს სკოლას ამ ფულს, სკოლა გააკეთებს, თქვენს სისხლს დავლევ, პირდაპირ გეუბნებით! თქვენ იქნებით პასუხისმგებელი ამ კონკრეტულ საკითხზე, თქვენ მოძებნით, თქვენ ჩაატარებთ, თქვენ მოაგვარებთ!

ვიცი, ბევრს არ მოეწონება (აი, ამ ადგილას, ალბათ, მეტი კონკრეტიკაა აუცილებელი, იმის დასაზუსტებლად: რა არ მოეწონებოდათ დირექტორებს - მინისტრი რომ მათ სისხლს დალევდა თუ სპორტული მოედნების მოწყობა თავად რომ მოუწევდათ?!), მირჩევნია, სკოლის დირექტორი იყოს ამაზე პასუხისმგებელი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, სისხლს დავლევ! თითო სანტიმეტრს დავუთვლი!“

ივარაუდება, რომ მინისტრის ასეთი სიმკაცრე (თუ ჩანაწერში რეალურად მინისტრის ხმა ისმის, თუმცა არც ამის დადგენა უნდა იყოს რთული, თუკი ჩანაწერის ექსპერტიზა ჩატარდება) იმის შიშითაა განპირობებული, რომ საჯარო სკოლების დირექტორებმა თანხა არ ჩაიჯიბონ, რაც იმასაც ნიშნავს, რომ მინისტრს თავისი სამწყსოს ეს ნაწილი ხელმრუდიც ჰგონია.

ჩანაწერის კომენტირებისას, იმის გარდა, რომ ამ ყოველივეს არასერიოზული უწოდა, ბ-ნმა შაშკინმა დააყოლა („სისხლის დალევის“ აბსურდულობის განსამტკიცებლად), დილაობით ბავშვებსაც ვჭამო.

თუმცა, თუ გავიხსენებთ, თუ რა ენერგიულად ამოქმედდა სკოლის მოსწავლეების აზრის გამოხატვის უფლების დასათრგუნად (მეტიც, ამ სურვილის სამუდამოდაც დასაკარგადაც) სახელმწიფოს რეპრესიული მანქანა, სავსებით თავისუფლად შეიძლება, ამას „დილაობით ბავშვების ჭამაც დავარქვათ“ (ცხადია, ამ ფრაზის იდიომატური გაგებით).

ასეა თუ ისე, რაკი ეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთადერთი იაღლიში არ არის (ხშირ-ხშირად გამოდის ხოლმე სამინისტროს გარეთ კულუარებში ნათქვამი), ამ ჩვენს მინისტრს აშკარად არ აწყენდა იმის გახსენება, რომ, განსაკუთრებით ამ ქვეყანაში ჯამ-ჭურჭელსაც ყურები აქვს (იმას გარდა, რომ ტექნიკა გაცილებით შორსაა გავარდნილი) და არც სისხლი გვაქვს, მაინცდამაინც, გემრიელი, ყელზე იცის ხოლმე დადგომა.