კახა კუჭავა: მოვუწოდო ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე

კახა კუჭავა: მოვუწოდო ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა!, - ამის შესახებ საქართველოს პარლამნტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს.

იგი აღნიშნული პოსტით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეზმიანება.

„მინდა, გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს და მოვუწოდო ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

დაუშვებელია ძალადობა და განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტებისა და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას - ეს მიუღებელია!

ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ იმისათვის, რომ დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები. სახელმწიფო დაიცავს სახელმწიფოებრივ წესრიგსა და უზრუნველყოფს მშვიდობას!

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა!“, - წერს კახა კუჭავა.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მას მიზანშეუწონლად მიაჩნია, რადგან აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს.

„თბილისი პრაიდმა“ დღეს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც მასში წერია, საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას დღის პირველ ნახევარში გააჟღერებენ.

დღესვე, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდებით, მოქალაქეთა ნაწილი, ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბა.

„5 ივლისს, 17:00 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ 3 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, საპატრიარქო მიმართავს მოსახლეობას, მშვიდობიანად დააფიქსირონ პროტესტი და „არ აჰყვნენ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას“.