17 ნოემბერს თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე წინა დღის კოტირებასთან შედარებით დოლარის კურსი 140 პუნქტით გაიზარდა და 1,3200 შეადგინა.
კომერციული ბანკების მხრიდან მოთხოვნა ორი მილიონ 50 ათასი აშშ დოლარი იყო.
ვაჭრობის პროცესში საქართველოს ნაციონალურმა ბანკმა კურსი ასწია და ორმა კომერციულმა ბანკმა თავისი განაცხადებები მოხსნა.
თუმცა, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი დათანხმდა, ნაციონალური ბანკისგან შეეძინა ერთი მილიონი დოლარი კურსით: 1,3200 ლარი/$.
დღესვე თბილისის გადამცვლელ პუნქტებში ნაღდი დოლარის კურსმა ზრდა იწყო. თუ დილის ათ საათზე გადასაცვლელი პუნქტები დოლარს 1,300-1,303 ლარად ყიდულობდნენ და 1,305-ად ყიდდნენ, უკვე 14.00 საათისთვის შესყიდვა-გაყიდვის კურსი გაიზარდა - 1,305/1,310 ლარი/$.
16.00 საათისთვის მოხდა შესყიდვისა და გაყიდვის კურსების შემდგომი ზრდა 1,308/1,312 ლარი/$-მდე.
ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ მარჟის (შესყიდვასა და გაყიდვას შორის სხვაობა) მცირეხნიანი ზრდის შემდეგ, 15.00 საათისთვის კლება იწყო და 16.00 საათისთვის 40 პუნქტი შეადგინა.
სავალუტო ბაზრის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ უახლოეს მომავალში ნაღდი დოლარის კურსი სტაბილური გახდება ახალ დონეზე - დაახლოებით 1,314-1,316 ლარი/$ და მჭიდროდ დაუახლოვდება ბირჟის კურსს.