„რუსეთ-საქართველოს ომს დავით კეზერაშვილი შეეწირება“

„რუსეთ-საქართველოს ომს დავით კეზერაშვილი შეეწირება“

„ხაფანგი დაგვიგეს, შეგვიტყუეს და ბოლოს მაგრად „დაგვაკერეს“, რუსეთი განსაკუთრებული სისასტიკით მოგვექცა, რათა მსოფლიოში ქურდად მომჯდარიყო და მისთვის ანგარიში გაეწიათ», - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.

ვინ მოახდინა სააკაშვილის პროვოცირება, რეალურად როდის დაიწყო აგვისტოს ომი და ვის ელოდება პრეზიდენტის სიახლოვეს „დამლაგებლის“ ადგილი, ინტერვიუში შეიტყობთ.

პაატა ზაქარეიშვილი: - რუსეთმა საქართველოში შემოჭრით რამდენიმე ჩანაფიქრი აისრულა. უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოს აჩვენა, არავისზე ნაკლები არ ვარო. თუ დემოკრატიული სამყარო მიზეზთა გამო თავს უფლებას აძლევს, დაბომბოს ბელგრადი, რუსეთმაც მისცა ამის უფლება თავს. აქამდე მხოლოდ აშშ-სა და ჩინეთს არ ადარდებდათ მსოფლიოს აზრი, თამამად მიდიოდნენ დაპირისპირებასა და დაჯახებაზე. ახლა გამოჩნდა, რომ რუსეთიც აღარ უწევს ანგარიშს სხვათა აზრს. 

რუსეთს საბაბი სჭირდებოდა ძალისა და თავხედობის დემონსტრირებისთვის და ის საქართველომ მისცა. ქვეყანა პროვოკაციაზე წამოეგო.

სროლა ხომ ოსური პოზიციიდან იყო?

- სროლის შემდეგ პირველი შეტევა, საბრძოლო გადაადგილება ქართულმა მხარემ დაიწყო. ჩანს, სროლა ოსებმა ან რუსებმა დაიწყეს, მაგრამ უცნაურად ჩანს რამდენიმე ფაქტი. კერძოდ, როდესაც 2 აგვისტოდან ოსური სოფლებიდან მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია დაიწყო, რატომ არ გააკეთა იგივე ჩვენმა ხელისუფლებამ? ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთმა საქართველოს ხელისუფლება დააჯერა, ცხინვალის აღება რეალობააო და  ომში ჩაითრია.  ყურადსაღები იყო ის, რომ საომარ დაპირისპირებამდე 3 დღით ადრე, 5, 6, 7 აგვისტოს ოსური მხარე არ გამოდიოდა კონტაქტზე და ძალზე შეხმატკბილებულად თანამშრომლობდნენ ქართული და რუსული მხარეები. პოპოვი და კულახმეტოვი ეჭიკჭიკებოდნენ იაკობაშვილს, - კოკოითი სადღაც დაიმალა, ჩოჩიევი ცხინვალში არ არისო და ა.შ. განა საეჭვო არ იყო ქართულ-რუსული თანამშრომლობა იმ ფონზე, როდესაც ოსებს თავიანთი მოსახლეობა სოფლებიდან გაჰყავდათ? დარწმუნებული ვარ, რუსეთი ხელისუფლებას ეუბნებოდა, ცხინვალის აღება ადვილად შეიძლება, ოლიმპიადა იწყება და მსოფლიოს არ სცალია პოლიტიკისთვისო. არ გამოვრიცხავ, რუსეთს საქართველოს ხელისუფლებაში ძალზე საიმედო და მტკიცე მეკავშირე ჰყავდა. სააკაშვილმა კარგად უნდა გაიხსენოს, ვინ ურჩია დაჟინებით ცხინვალზე შეტევა. ვინც ყველაზე მეტად ცდილობდა სააკაშვილის დარწმუნებას, ცხინვალში შევიდეთო, სწორედ ის უნდა იყოს მეკავშირე რუსეთის გენერალიტეტსა და სააკაშვილის ხელისუფლებას შორის. პრეზიდენტი ძალიან დიდ პროვოკაციაში ჩაითრიეს, რითაც საქართველომ სულ მცირე 15-წლიანი ზარალი მიიღო.

საქართველოს ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ჩართვის მიზეზი ცხინვალის დაბრუნება იყო თუ სხვა მოტივიც არსებობდა?

- პროცესი, რომელიც 7 აგვისტოს მოვლენებით დასრულდა,  3 ივლისს დაიწყო, როდესაც სოფელ დმენისში თავისივე კარ-მიდამოში ნაღმზე დმენისის მილიციის უფროსი ნოდარ ბიბილოვი აფეთქდა. სხვათა შორის, მას მანამდეც მოუწყვეს რამდენიმე ტერაქტი. ნოდარ ბიბილოვი იყო ერთ-ერთი იმ 5 ბოევიკთაგანი, რომელთაც 2004 წელს ქართველი ჯარისკაცები დააჩოქეს. მათგან 4 ადრე მოკლეს, ბიბილოვი ბოლო იყო. რა თქმა უნდა, ამას საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს, მაგრამ ოსები გვარწმუნებენ, ეს ქართველების შურისძიებააო. ამ ინციდენტიდან ორ საათში შემოვლით გზაზე, სარაბუკთან (ამ სიმაღლიდან კონტროლდება როგორც ქართული შემოვლითი გზა, ისე ოსური - ძარის გზა) დიმიტრი სანაკოევის მანქანა აფეთქდა და ქართველებმა გამოძიების გარეშე (ისე, რომ ტერაქტის ადგილზე არც ეუთოს დამკვირვებლები და არც სამშვიდობები არ მიუშვეს) ეს ოსებს დააბრალეს. ამის მოთმენა აღარ შეიძლებაო და ქართულმა მხარემ სარაბუკის მთა დაიკავა. ამის შემდეგ დაიწყო სარაბუკის მთისთვის ბრძოლები და ცეცხლში მიმდებარე ქართული და ოსური სოფლები მოჰყვნენ. 1-ელ აგვისტოს ამავე გზაზე ქართველი პოლიციელები ააფეთქეს.

7 აგვისტოს 7 საათზე საკმაოდ შეშინებული სააკაშვილი ტელევიზიით გამოვიდა და ვფიქრობ, სავსებით გულწრფელად თქვა, - პროვოკაციაში ჩაგვითრიეს და ამიტომ ცეცხლს ვწყვეტთო. ამ განცხადებიდან 3 საათში გაუხსნეს ცეცხლი იმ ქართულ სოფლებს, რომლებიც ცხინვალსა და ჯავას შორისაა (ქურთა, თამარაშენი, კეხვი). ამ შემთხვევაში ოსებმა მარჯვედ ჩაითრიეს პროვოკაციაში ქართველები - სარაბუკის გარშემო აბურთავეს და სააკაშვილი ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე დააყენეს - ან ქართული სოფლები უნდა დაეკარგა (გამოდიოდა, რომ მეორე დილით სააკაშვილს ბოდიში უნდა მოეხადა მოსახლეობისთვის, რაკი ცეცხლი შევწყვიტე, ქართული სოფლები თავის სანაკოევიან, სკოლებიან, დისკოთეკებიან, აუზებიანად რუსებმა და ოსებმა აგვაცალესო), ან შეტევა უნდა დაეწყო. როდესაც ერთ ღამეში 12 სოფელს, ფაქტობრივად, უბრძოლველად იღებ, ვერ უნდა მიხვდე, რომ ხაფანგში ებმები? ჯარისკაცები თვითონ ჰყვებიან, ფაქტობრივად, არ გვიბრძოლია, ისე შევედით ცხინვალშიო. სწორედ ამის შემდეგ ამოქმედდა რუსული სცენარი. სააკაშვილს უთხრეს, ხომ ხედავ, რა მალე ავიღეთ ოსური სოფლები, ხალხიც არ დახოცილა, რუსმა სამშვიდობოებმა მინდორი გაგვისუფთავეს, ახლა ცხინვალშიც შევიდეთო. დაახლოებით ასეთი მსჯელობა უნდა ყოფილიყო იმ საბედისწერო საღამოს სააკაშვილის გუნდში.

ოსებმა და რუსებმა ხაფანგი დაგვიგეს, მასში შეგვიტყუეს და ბოლოს მაგრად «დაგვაკერეს».

ქართულ სოფლებს ოსებსა და რუსებთან ერთად ჩრდილოკავკასიელებიც არბევდნენ. ის ფაქტი, რომ «კავკასიელი ძმები» ქართველების წინააღმდეგ გამოვიდნენ, ბევრისმთქმელია.

- სტუდენტობის დროს რუსეთში ვსწავლობდი და მაშინ ნებისმიერი  კავკასიელისთვის კავკასიელი ქართველი იყო. ქართველების მერე ჩერქეზებსა და ჩეჩნებს სცემდნენ პატივს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დაიკარგა და დაიკარგა აფხაზეთის ომის გამო. იმიტომ, რომ ქართველებმა საერთო ენა ვერ გამონახეს სხვა კავკასიურ ერთან, ავტორიტეტი შეგველახა. დღეს კავკასიაში ლიდერი უკვე რუსეთია. ეს სატანური ძალა დაეპატრონა კავკასიას. ჩრდილოკავკასიელები ახლა ამბობენ, რუსეთმა ჩვენ მას მერე დაგვიპყრო, რაც ქართველებმა უარი თქვეს კავკასიის პატრონობაზეო.   

ზემოთ თქვით, - რუსეთი თავისას გაიტანსო, ანუ ტერიტორიებს ვეღარ დავიბრუნებთ?

- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ხელშეკრულებებს მოვაწერთ ხელს ამ ორ-სამ თვეში. 15 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკებებზე ბევრი რამ ჩამოყალიბდება. აქამდე 1992 წლის დაგომისის ხელშეკრულება აწესრიგებდა ქართულ-ოსურ კონფლიქტს, მოსკოვის 1994 წლის ხელშეკრულება კი - ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს. ეს ხელშეკრულებები დღეს დარღვეულია, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს. ამიტომ უახლოესი თვეების განმავლობაში აუცილებლად დაიდება ახალი ხელშეკრულებები. ჩვენ გვაქვს საშუალება, გამოვასწოროთ ყველა ის შეცდომა, რაშიც შევარდნაძეს ვდებდით ბრალს. თუმც არის იმის შანსიც, რომ რუსეთმა მეტად გაიმყაროს პოზიცია.

ეჭვი მეპარება, რომ სააკაშვილი მოახერხებს კონფლიქტის მოგვარების საქმეში უკეთესი დოკუმენტების გაფორმებას. ჩემი აზრით, იმ ძველი დოკუმენტებით მუშაობა შეიძლებოდა.

დასავლეთი რუსეთს 6 აგვისტომდე არსებული პოზიციისკენ დაბრუნებას ურჩევს. სარკოზისა და მედვედევის ბოლო მოლაპარაკების შემდეგ ცხადი შეიქნა, რომ რუსულმა სამხედრო ნაწილებმა უკან დახევა დაიწყეს.

- მოდი, რეალობას თვალი გავუსწოროთ. რეალურად მივიღეთ ის, რომ რუსეთმა მისივე ქცევით შეშფოთებული ევროპა დაამშვიდა. რუსეთმა თქვა, არაფერია საგანგაშო იმაში, თუ ჯერჯერობით შეიარაღებულ ძალებს სრულად არ გავიყვან ე.წ. უსაფრთხოების ზონებიდანო. მან თქვა, როგორც კი ევროპელების სამშვიდობო დამკვირვებლები ჩავლენ საქართველოში და ბუფერულ ზონებს დაიკავებენ, რუსი სამხედროებიც გავლენო.

მაგრამ იმავდროულად რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთის დამატებითი შეიარაღებული ძალები განლაგდებიან ენგურჰესთან, ახალგორში. თქვენი აზრით, ამ ტერიტორიებზე მართლაც რუსეთის ბაზა იქნება, თუ ამას აშშ და დასავლეთი არ დაუშვებენ?

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ვიდრე ხელი არ მოეწერება კონფლიქტის დარეგულირების საბოლოო ხელშეკრულებებს, ამ ყველაფერზე ლაპარაკი ნაადრევია. მე, პირადად, არცთუ კარგი პროგნოზი მაქვს. რუსებმა იმიტომ არ შეირცხვინეს სახელი მსოფლიოს წინაშე და იმიტომ არ დაირქვეს აგრესორის სახელი, რომ 6 აგვისტომდე არსებულ პოზიციებს დაჰბრუნებოდნენ. რუსეთი შეეცდება, შეინარჩუნოს გავლენა იმ ტერიტორიებზე, რომელთა გაკონტროლებითაც ამაყობდა თავის დროზე სააკაშვილი. გამოდის, ამ უგუნური პოლიტიკით ეს ე.წ. „ზემო აფხაზეთი“, რომელიც სინამდვილეში არც არასდროს ყოფილა აფხაზეთი და სინამდვილეში სვანეთის ნაწილს წარმოადგენდა, დავკარგეთ.

სავსებით შესაძლებელია რუსული სამხედრო ბაზა განთავსდეს ახალგორში, ამაზე უკვე ლაპარაკობენ რუსეთის ოფიციალური პირები და რასაც ამბობენ, იმას მართლა გააკეთებენ.

ხელისუფლება ამაყობს იმით, რომ მედვედევმა და სარკოზიმ კონფლიქტის ზონებში დევნილების დაბრუნების საკითხი განიხილეს. თქვენ თუ გაქვთ წარმოდგენილი, სად და ვის ადმინისტრაციაში უნდა დაბრუნდნენ დევნილები?

- სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ის, რომ ხელისუფლება ახლა დევნილთა დაბრუნებაზე საუბარს წარმატებად მიიჩნევს. ამაზე უკვე 15 წელიწადია ლაპარაკობენ, წინა ხელისუფლებასაც ეს მიაჩნდა წარმატებად. აიღეთ გაეროს ნებისმიერი რეზოლუცია და დარწმუნდებით, რომ დევნილების დაბრუნებაზე კონფლიქტის ზონებში ადრეც იყო ლაპარაკი. ვფიქრობ, აფხაზეთში დევნილების დაბრუნება დიდი ხნით გადაიდო. რაც შეეხება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის ტერიტორიას, განსაკუთრებით ახალგორს, ალბათ, იქ დაბრუნდებიან დევნილები, მაგრამ რუსეთის მიერ აღიარებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მძევლები იქნებიან. ეს ისეთივე დაბრუნება იქნება, როგორც დავაბრუნეთ დევნილები გალში აფხაზეთის დე ფაქტო იურისდიქციაში.

სანაკოევის ადგილი სად არის ამ ვითარებაში? ვისი ხელმძღვანელი და მმართველი უნდა იყოს?

- ეს კითხვა პრეზიდენტს დაუსვით! სააკაშვილის ნაცვლად მე ნუ მომახდევინებთ ბოდიშს, ბოდიში სწორედ მან უნდა მოიხადოს. ჩვენი უგუნური ხელისუფლების  დამსახურებაა, ასე სავალალო შედეგი რომ მივიღეთ...

გამოსავალი რა არის?

- ვიდრე ხელი არ მოეწერება საბოლოო დოკუმენტებს, ძნელია გამოსავალზე ლაპარაკი. სარკოზის ჩამოტანილ დოკუმენტში არ ჩანს, რომ რუსეთი გადის საქართველოდან - ის რჩება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ეუთო, ევროკავშირი და გაერო დამკვირვებლებს რუსების გასაკონტროლებლად გამოგზავნიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ისინი ვერ ჩაენაცვლებიან რუსებს. ახლა უკვე მთელ სამხრეთ ოსეთსა და მთელ აფხაზეთს გააკონტროლებს რუსეთი.

ჩვენი მსხვერპლის შესახებ რა ინფორმაციას ფლობთ? ყველაფერს ამბობს ჩვენი ხელისუფლება?

- ყველაზე მეტად დაღუპული უცნობი ჯარისკაცების რაოდენობა მაშფოთებს. რაღაც მეტისმეტად ბევრი უცნობი ჯარისკაცი გვყავს. ყველა მეომარს აქვს ორი ჟეტონი მაინც (რომელიც არ იწვის),  ყველა მეომარს ფორმასა და ჩანთაზე უწერია გვარი. გარდა ამისა, მეომრებს ჯიბეში მრავალი ისეთი ნივთი (ჯვარი,  ხატი, წერილი თუ ლოცვანი) უდევთ, რომ მათი საშუალებითაც შეიძლება გვამის ამოცნობა. მე ამ მეთოდით ვმუშაობდი და აფხაზეთის ომის დროს მინიმალური იყო უსახელო, უცნობი ჯარისკაცების ცხედართა რაოდენობა. რატომ არის ამჯერად ამდენი უცნობი ჯარისკაცი?

რაზე მიანიშნებთ?

- დავუშვათ, გარდაცვლილია 300 მეომარი. მათგან 50 უცნობ ჯარისკაცს თუ ჩამოასვენებენ, ყველა ჭირისუფალს იმედი აქვს, იქნებ ეს ჩემი მიცვალებულიაო. ვფიქრობ, სწორედ ამის გამო გვყავს ამდენი უცნობი ჯარისკაცი. ეჭვი მაქვს, რომ აქ რაღაც მაქინაციაა. სად ერთ დღეს რომ ჩამოიტან 300 კუბოს და სად 300 დღეში თითო-თითოს? ამ შემთხვევაში უფრო ნაკლებია ემოცია. ამით საზოგადოებაში ტრაგედიის განცდის გადავადება ხდება. როგორც წესი, მკვდარ ჯარისკაცს მხოლოდ კარგ ჩექმას ხდიან, ზამთარში კი ქურთუკსაც. წესია, დაღუპულ ჯარისკაცს ფორმას არ ხდიან. ვის უნდა სისხლიანი და დაფლეთილი ფორმა?  ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, - შეუძლებელია ასე აღჭურვილ არმიაში ამდენი უსახელო ჯარისკაცი იყოს. 

წარუმატებელი ომის შემდეგ საკადრო ცლილებებია, ალბათ, მოსალოდნელი.

- სააკაშვილს რომც არ უნდოდეს, ამ ომს შეეწირება კეზერაშვილი. შესაძლოა, შორს არ მოისროლოს და ადეიშვილივით და ბენდუქიძესავით ახლოს დაიტოვოს ან „დამლაგებლად“ გააფორმოს. სააკაშვილს კეზერაშვილი სჭირდება. ამ კაცს „კარგად ესმის“ ფინანსები. თავდაცვის სამინისტროს ყველაზე დიდი ბიუჯეტი ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, იქიდან დიდი ფული ვიღაცების ჯიბეებში წავიდა. ამ თანამდებობაზე კეზერაშვილი იმიტომ კი არ იყო, რომ კარგი თავდაცვის მინისტრი იქნებოდა, არამედ იმიტომ, რომ ფინანსებში „კარგად ერკვევა“. სააკაშვილმა იცის, რომ ასე „კარგი“ ფინანსისტები ქუჩაში არ ყრია.

სააკაშვილი თვითონ ხომ არ მოიჭრის კუდს, ვიღაცებს უნდა დააჭრას კუდები - ხელს ოფიცრებს შეახოცავენ. მაგრამ ეს ისეთი ომი იყო, პასუხი სამხედროებმა კი არა, პოლიტიკოსებმა უნდა აგონ.

რაკი ხელისუფლება რუსული ზეგავლენის მქონე ხალხზე ლაპარაკობს, ამ მოტივით ოპოზიციის დევნა ხომ არ დაიწყება?

- ყველაფერი მოსალოდნელია. შესაძლოა, კრიზისულ სიტუაციაში ხელისუფლებამ ყველაფერი იკადროს. თუმც არა მგონია, პრორუსული ძალები საქართველოში იყვნენ. თუ ვინმეს რუსეთის სამსახურში ყოფნას უსაფუძვლოდ დააბრალებენ, სააკაშვილმა უარი უნდა თქვას დემოკრატიაზე. ისედაც წყალი აქვს შეყენებული და ოპოზიციაზე ნადირობა რომ დაიწყოს, ეს მის რეიტინგს ძალიან დაარტყამს.

სანამ მოლაპარაკების პროცესია, სააკაშვილი უნდა იყოს. მან უნდა მოაწეროს ხელი ყველა დოკუმენტს. ძაღლი ვინც მოკლა, იმან უნდა გადაათრიოს. რაკი წამოაწყებინეს ეს ყველაფერი, მასვე გადაათრევინებენ. გაზაფხულზე, დაახლოებით მარტიდან, საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა დაიწყება, რადგან ხალხი დაინახავს, ყველას ფეხზე ვკიდივართო. ევროპას მხოლოდ ის უნდა, ომი არ იყოს. ეს სარკოზიმ თქვა კიდეც გასულ კვირას. სააკაშვილს ძალიან უნდოდა, არ ყოფილიყო ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები და ამას მიაღწია. დღეს არის ევროპულ-რუსული კონფლიქტი და ამდენად ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. სააკაშვილმა კი ყველაფერზე ხელი უნდა მოაწეროს, რასაც წინ დაუდებენ.

რუსეთი აიღებს კონტროლს მთელ კავკასიაზე, მოიწესრიგებს ურთიერთობას დსთ-ში და მსოფლიოს ეტყვის, - აი, მეც მოვედიო. ფილმებში მინახავს, ავტორიტეტი რომ მოიპოვოს ქურდმა, ვიღაც ისე ცივსისხლიანად უნდა მოკლას, ყველას სისხლი გაეყინოს ძარღვებში. როგორც წესი, ასეთის შიში აქვთ და პატივს სცემენ. რუსეთმაც ჩვენს ხარჯზე იგივე გააკეთა...