აშშ-მა ბელარუსის ცხრა სახელმწიფო საწარმოსთან საქმიანი ურთიერთობის ნებართვა გააუქმა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„მოქმედებას შედეგი მოჰყვება. ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების უგულებელყოფის შედეგად, აშშ-მა ბელარუსის ცხრა სახელმწიფო საწარმოსთან საქმიანი ურთიერთობის ნებართვა გააუქმა. რეჟიმის მიერ რეპრესიული ტაქტიკის ესკალაცია უპასუხოდ არ დარჩება“, - დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა Twitter-ზე.
23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.