ბელარუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნა“ აცხადებს, რომ ბელარუსის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინტერვიუ, რომელშიც ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი ბრალს აღიარებს, ზეწოლის ქვეშ არის ჩაწერილი.
„ყველაფერი, რასაც პროტასევიჩი ამბობს, ზეწოლის ქვეშ იყო ნათქვამი. სულ მცირე, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. ყველაფერი, რასაც ის ამბობს, პროპაგანდაა, რომელსაც სიმართლის საფუძველი არ გააჩნია“, - განაცხადა უფლებადამცველი ცენტრის ხელმძღვანელმა, ალეს ბელიაცკიმ.
მისი თქმით, ბელარუსულმა სპეცსამსახურებმა რომან პროტასევიჩი აიძულეს ბრალი ეღიარებინა, რადგან მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არასერიოზულია.
მანამდე ბელარუსის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რომან პროტასევიჩის ინტერვიუ გაავრცელა, რომელშიც ის აცხადებს, რომ ისეთ ქმედებებს უწევდა ორგანიზებას, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს.
23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.