აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის სუვერენული ტერიტორია უნდა დატოვონ, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს.
„ასევე მსურს ვახსენო სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე მომხდარი შეტაკებები. როგორც ადრე განვაცხადე, საზღვრების დემარკაცია მხოლოდ მოლაპარაკებების ფარგლებში და ძალის გამოყენების გარეშე უნდა მოხდეს. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის სუვერენული ტერიტორია უნდა დატოვონ“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მხარეები იმ პოზიციებს უნდა დაუბრუნდნენ, რომელსაც 11 მაისის მდგომარეობით იკავებდნენ.
„იმ რთულ სიტუაციაში, რომელშიც სომხეთი აღმოჩნდა, საფრანგეთი, როგორც ყოველთვის, სომხეთის გვერდით იდგა“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.