„არ მინდა, ვალიკო, ბინოკლი“

„არ მინდა, ვალიკო, ბინოკლი“

გასულ კვირას ჩვენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, რა თქმა უნდა, ტურიზმის დეპარტამენტის, მასზე ორიოდე წლით უმცროსი, 26 წლის თავმჯდომარესთან ერთად, დიდი ბრიტანეთი მოიარა.

ქ-ნი ქობალია გაეროსთან არსებული საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვედრია.

ამ უკანასკნელებს ქართულ საზღვაო სექტორში მიმდინარე რეფორმებიც განუხილავთ და სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი ქართველი მეზღვაურების საკითხიც (თუმცა ჩემთვის უცნობია, რა კავშირი აქვს მდგრად ეკონომიკას სომალელ მეკობრეებთან).

ამის პარალელურად, ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თავისი პირდაპირი მოვალეობით იყო დაკავებული და ჩვენი პოტენციალური ტურისტების მოსაზიდად საქართველოს ტურიზმის პოტენციალის წარმოჩენას ცდილობდა. ბუნებრივია, იმ იმედით, რომ მისი მცდელობები ამაოდ არ ჩაივლიდა.

ბედის მუხანათობისა თუ სხვა მიზეზთა გამო, იმავე პერიოდში ბრიტანელი სტუდენტები საკუთარი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ სწავლის საფასურის სამჯერ გაზრდის შესახებ.

პროტესტის პროცესში კი იმდენად გახურდნენ, რომ მმართველი პარტიის ოფისიც მოიკითხეს, შიგნითაც შეიჭრნენ და ფანჯრებიც ჩაულეწეს. ბუნებრივია, ბრიტანულმა პოლიციამ ინციდენტი გაჭირვებით, მაგრამ მაინც აღკვეთა. უცხოეთში ვიზიტად მყოფმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კი თავის ახალგაზრდა თანამემამულეებს (განა ოროსნები უწოდა) მორიდებით შემოუთვალა: გამოხატეთ პროტესტი, ოღონდ ძალადობა რა საჭიროაო (ბ-ნმა ქამერონმა აღნიშნა, რომ ძალიან შეწუხდა მისი პარტიის ოფისში დარბევის მომენტში მყოფი თანამშრომლების ბედით).

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, სახელდობრ, ჩვენი ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლებს (რომლის დროსაც არავინ არაფერსაც არ არბევს) „ქართული დემოკრატიის“ წინააღმდეგ მიტანილ იერიშად აფასებს (მზესავით ნათელია, რომ ბრიტანული დემოკრატია ამის ანტიპოდია), ლონდონში ვიზიტად მყოფ ჩვენს მაღალჩინოსან ქალბატონებს (ჯანდაბას ამ ეტაპზე ტურისტები) თავიანთი ქართველი კოლეგებისთვის დემოკრატიის ამბები მაინც ჩამოეტანათ?!