მავანთა თავდასხმის ობიექტი საზოგადოება „ჩვენი ფეხბურთის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ყიფიანი გახდა, რომელსაც ბრალი დასდეს იმაში, რომ ის იმ აღმასკომის წევრი იყო, რომელმაც მხარი დაუჭირა გაიოზ დარსაძის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნას.
ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ დავუკავშირდით ლევან ყიფიანს და მანაც ამომწურავი პასუხები გასცა ჩვენს შეკითხვებს.
- ბოლო პერიოდში შავი პიარი აგორდა ჩვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ. კომპრომატებს ეძებენ და ამჯერად ჩემი პერსონა ამოირჩიეს.
ერთ-ერთი ბრალდება, რომელსაც მე მიყენებენ არის ის, რომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც აღმასკომის წევრი ვიყავი, მხარი დავუჭირე ნაკრების მწვრთნელად გაიოზ დარსაძის დანიშვნას.
საიდან მოდის ეს ბრალდებები?
-პრესაში დაიწერა ამის შესახებ. დაისვა კითხვა, რის საფუძველზე მივეცი ხმა გაიოზ დარსაძის კანდიდატურას. არანაირი სურვილი მაქვს, რომ ჩემს მეგობრებს, გოჩა ჯამარაულსა და მიხეილ ყაველაშვილს, ამ შავი პიარით და ბრალდებებით ჩირქი მოვცხოთ.
მე, როგორც აღმასკომის წევრს, წინასწარ არ მქონდა ინფორმაცია, რის შესახებ გვექნებოდა საუბარი. როგორც წესი, აღმასკომის წევრებს წინასწარ ეგზავნებათ დღის წესრიგი, საკითხთა ნუსხა, რის შესახებაც უნდა შედგეს სხდომა და მსჯელობა.
ფედერაციაში რომ მივედი, მინდოდა, ახალკაცს შევხვედროდი. ის თავისი ოთახიდან გამოდიოდა და ვისაუბრეთ. ვკითხე, რის შესახებ იქნებოდა მსჯელობა. მითხრა, რომ გაიოზ დარსაძის ნაკრების მწვრთნელად დანიშვნის თაობაზე უნდა ემსჯელათ და იქვე დაამატა, რომ არანაირი ფინანსური საშუალება გააჩნდა ფედერაციას, რომ მაღალი დონის მწვრთნელი დაენიშნა ნაკრებისთვის, არც საკმარისი დრო იყო და მთხოვა, მისთვის მხარი დამეჭირა. ახალკაცთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა. „ლოკომოტივის“ გუნდი ახალკაცის გუნდს წარმოადგენდა და თავიდანვე ვიყავი მომხრე, რომ ახალკაცი გამხდარიყო პრეზიდენტი.
არ მქონდა საფუძველი იმისა, რომ ფედერაციის პრეზიდენტისთვის გამომეცხადა ბოიკოტი, მაგრამ, თუ ფედერაციას დრო, ფინანსები არ ჰქონდა იმისა, რომ მოეძებნათ სხვა მწვრთნელი, მე რა უნდა მექნა? ახალკაცს რომ ეთქვა, ისეთი მძიმე სიტუაციაა, რომ მე უნდა გავხდე პრეზიდენტიო, მასაც მხარს დავუჭერდი.
აღმასკომის ყველა წევრი დაეთანხმა დარსაძის ნაკრების მწვრთნელად დანიშვნას, მაგრამ საუბარი იყო იმაზეც, რომ დარსაძე უნდა ყოფილიყო დროებითი მწვრთნელი ფინანსების მოძიების შემდეგ, დაინიშნებოდა სულ სხვა მწვრთნელი. მერე რაც მოხდა, ყველამ კარგად იცით.
მერე მოხდა ის, რომ დარსაძე გულშემატკივარმა ნაკრებიდან გააგდო...
-აღმასკომის შემდეგ წავედი და სხვის მაგივრად თავზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. დასამალი არაფერი მაქვს და ყველაფერს მართალს ვამბობ. საზოგადოებას უნდა მიაწოდოთ სწორი ინფორმაცია. რუსული ანდაზის არ იყოს, ბუზისგან სპილოს გადაქცევას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
მერე დაისვა კითხვა, როცა ფედერაციაში მუშაობდნენ, რა გააკეთესო...
-ეს ბრალდებაც ჩემი მისამართით არის წამოყენებული, ვინაიდან იმ გუნდიდან, რომელსაც მე წარმოვადგენ, სხვას ფეხბურთის ფედერაციაში არ უმუშავია. 1999 წელს, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია იყო, მივედი ფეხბურთის ფედერაციაში და გავხდი ბავშვთა ფეხბურთის განყოფილების უფროსი.
მე გახლდით მოთავე იმ საქმისა, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდა ჭაბუკთა ლიგა. თამაშობდნენ 1985 წლებში დაბადებული ბავშვები და შერჩევაც დავიწყეთ. უეფას მაშინ არ ჰქონდა შემოღებული ლიცენზირების სისტემა, რომლის თანახმადაც კლუბი ვალდებული იყო გუნდში ყოლოდა სამი ასაკობრივი გუნდი.
შევქმენით ჭაბუკთა ლიგა, რომელსაც აფინანსებდა ფეხბურთის ფედერაცია. გუნდს არაფერი ეხარჯებოდა. ჩვენ ვიხდიდით მგზავრობის, კვების, ფორმების, ბურთების ფულს. იყო სამი ასაკობრივი ჯგუფი - 15, 17 და 19 წლამდელები.
როგორც ვიცი, დღეს ფეხბურთის ფედერაცია რასაც ხარჯავს, უკან იღებს. მშობლები აფინანსებენ ამ გუნდებს. ჩვენ დროს კი მათ ერთი თეთრიც არ ეხარჯებოდათ.
მეორე რაც გავაკეთეთ, ეს იყო მწვრთნელთა მომზადების ცენტრის აღდგენა. შევედი ვალერი ჩოლარიასთან და ვთხოვე, დაებრუნებინებინა პოსტზე გაიოზ დარსაძე, რაც ჩვენს შორის უკმაყოფილების მიზეზი გახდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოხერხდა მისი დაბრუნება და ეს პროექტიც განხორციელდა. ასევე დავაფუძნეთ ფუტზალის ფედერაცია.
ამჯერად, 1999 წლიდან 2001 წლამდე განვახორციელეთ ეს პროექტები. პარალელურად, მუშაობა დავიწყე პროფესიული საფეხბურთო ლიგის ჩამოყალიბების იდეაზე და ამ მუშაობაში ჩავრთე დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე, ამჟამინდელი ჯანდაცვის მინისტრი სანდრო კვიტაიშვილი, რომელმაც გამაცნო ლადო გურგენიძე. ისინი ინგლისიდან მიგზავნიდნენ იმ დახურულ მასალას, რომელიც იქმნებოდა ფეხბურთის განვითარებისთვის.
დავიწყეთ ბავშვთა სკოლების აღრიცხვიანობა და ხდებოდა საბუთების შემოწმება. მაშინაც და დღესაც არის მავნე სენი, რაც ასაკის გადაკეთებასთან არის დაკავშირებული. ვატარებდით ბავშვთა ჩემპიონატებს - ჩოხელის, დარასელიას, მესხის და მეტრეველის თასებს. დღეს კი ეს აღარ არსებობს და ეს სამარცხვინოა.
პროფესიული საფეხბურთო ლიგის ჩამოყალიბება ვერ დავაბოლოვე, რაც გააკეთა დიმა რამიშვილმა. შემდეგ მე წავედი საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივში“. ცნობისთვის, მე ფეხბურთის ფედერაციის ახალ შენობაშიც კი არ მიმუშავია. 2001 წელს გადავიდა ახალ შენობაში ფედერაცია.
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას 16 მაისამდე ითხოვს. ასეა?
-ფედერაციის წესდების თანახმად, რიგგარეშე არჩევნები შეიძლება დაინიშნოს მინიმუმ, ოცი დღეში, რაც მისი ჩატარების გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ნამდვილად ოთხი სუბიექტის მოთხოვნაა საკმარისო იმისთვის, რომ რიგგარეშე ყრილობა ჩატარდეს?
-სულ 35 დელეგატია და მის მეათედს შეუძლია ამგვარი მოთხოვნის დაყენება.
დავიჯეროთ, ასეთი ძნელია ოთხი სუბიექტის მოძებნა იმისთვის, რომ ასეთი მოთხოვნა იქნეს წამოყენებული?
-ოთხიც მოიძებნება და უფრო მეტიც. ნამდვილად არ გვაქვს იმის სურვილი, რომ მოვლენები დავაჩქაროთ და ფორსირებულ რეჟიმში მოხდეს რიგგარეშე ყრილობის ჩატარება. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს ნაბიჯი ფეხბურთის ფედერაციამ გადადგას.
გარდა ამისა, აუცილებლად უნდა შეიცვალოს არჩევნების ჩატარების სისტემა. ჩვენი მოთხოვნაა, გაიზარდოს დელეგატთა რაოდენობა, რათა მათზე გავლენის მოხდენის საშუალება არ იყოს.
ჩვენი აზრით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეთ პირველი ლიგის გუნდებს, ბავშვთა სკოლებს. საფეხბურთო სპექტრი ფართოდ უნდა იქნეს წარმოდგენილი. არ უნდა მოხდეს მანიპულირება, ხმების გადაფორმება, სხვაგვარი მიდგომები და ა. შ.
საარჩევნო სისტემა და დელეგატთა რაოდენობა უნდა შეიცვალოს.
ფედერაცია მუშაობს ნაკრებში ახალი მწვრთნელის მოყვანის საკითხზე. შესაძლოა, მათ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვან, კიდევ ერთი რენეგატული ნაბიჯი გადადგან და მერე ამ შეცდომის გამოსწორება ახალ ხელმძღვანელობას მოუწევს. ამ კუთხით თუ მუშაობთ?
-ჯერჯერობით ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობენ და მათი პრეროგატივაა, ვინ უნდა დანიშნონ. ჩემი აზრით, ეს დროის გაწელვაა და სხვა არაფერი. ამას შედეგი არ მოჰყვება. მე მათ ვურჩევდი, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე იფიქრონ და არა ახალი მწვრთნელის მოყვანაზე.