ვოლოდიმირ ზელენსკი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ყირიმის ანექსიისგან არაფრით განსხვავდება

ვოლოდიმირ ზელენსკი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ყირიმის ანექსიისგან არაფრით განსხვავდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ყირიმის ანექსიისგან არაფრით განსხვავდება.

„მივიჩნევ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ყირიმის ანექსიისგან არაფრით განსხვავდება. ყირიმის წასაღებად და სავაჭროდ, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ომი დაიწყო. ასე ყირიმის საკითხი ნელ-ნელა დავიწყებას ეცემა. ნორმანდიის ფორმატშიც წამოვაყენე ეს საკითხი. ყველა მხარე ამბობდა, რომ ყირიმი მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკითხი არ არის. ამიტომაც გადავწყვიტე ყირიმის პლატფორმის შექმნა. გვესმოდა, რომ ყირიმის ოკუპაცია დავიწყებას ეცემა. ახლა რუსები იგივე სცენარით მიდიან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება საფრთხეს წარმოადგენს უკრაინისა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.

„სამ წელიწადში უკრაინის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების ვადა ამოიწურება. თუ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ტექნიკურ მხარეს მიმდინარე წელს დაასრულებენ, იგი ორ-სამ წელიწადში ამუშავდება. ჩვენ ვიცით, რა მოხდება. ეს იმიტომ კეთდება, რომ უკრაინას ახალი ხელშეკრულება არ ჰქონდეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.

„რესპუბლიკელი“ სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ.