ნატოში ბელარუსის დიპლომატიურ მისიას ალიანსის შტაბბინაზე შეზღუდული წვდომა ექნება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ნატოში მუდმივად ვატარებთ უსაფრთხოების ზომების შეფასებას. გადაწყვეტილება მივიღეთ, ბელარუსის წარმომადგენლებს ნატოს შტაბბინაზე წვდომა შევუზღუდოთ“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.