დავით სერგეენკო გიორგი გახარიაზე: რეიტინგები შარშანდელი თოვლივით ქრება

დავით სერგეენკო გიორგი გახარიაზე: რეიტინგები შარშანდელი თოვლივით ქრება

რეიტინგები შარშანდელი თოვლივით ქრება და მინიმალური სოციალური კაპიტალი მოჰყვება ხოლმე. დამერწმუნეთ, რომ ეს ნამდვილად ასეა. რამდენად კონკურენტი იქნება გიორგი გახარია და ვის ხმებს წაიღებს, ოპოზიციის თუ პოზიციის, ამის შესაფასებლად ერთადერთი საშუალებაა, რომ მისი ხედვა მოვისმინოთ და ვნახოთ, რა გუნდით აპირებს ამ საქმის გაკეთებას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, გახარიას გუნდის გეგმების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.

„მისი გუნდის წევრებისგან მხოლოდ მმართველი ძალის კრიტიკას ვისმენ, ხოლო თავად რას და როგორ აპირებს, ამის შესახებ არაფერია ცნობილი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კითხვაზე: „გიორგი გახარია პრემიერი იყო და ცვლილებებისთვის ბერკეტები ჰქონდა. რამდენად გულწრფელი იქნება ოპოზიციონერის რანგში ცვლილებებზე საუბრისას? მმართველი გუნდი უშლიდა ხელს თუ ახლა სხვა პოლიტიკური მიზნები გაუჩნდა?“, სერგეენკომ განაცხადა, რომ გაუჭირდება იმის ანალიზი, რამ განაპირობა გახარიას ღირებულებების ცვლილება.

„ამ თვალსაზრისით არსებობს პოლიტიკური და მენეჯერული ნაწილი. მენეჯერული მიმართულებით ენა არ მომიბრუნდება, რომ ცუდი ვთქვა. წლები მასთან ვმუშაობდი და მართლა ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია, ვინც კი მინახავს და ვისაც კი ვიცნობ. რაც შეეხება პოლიტიკას, სამწუხაროდ, ღირებულებები იცვლება ხოლმე და გამიჭირდება ანალიზი, რამ განაპირობა მისი ცვლილება, რამ შეუშალა ადრე ხელი და რას აპირებს ახალი გადმოსახედიდან“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარტიას „საქართველოსთვის“ აფუძნებს. გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.