არჩევითი მოსამართლეების და არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება გვჭირდება. დანარჩენი არის კოსმეტიკური ცვლილებები, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან, პარლამენტში სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თუ შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება გაზიარებული იქნება, შესაძლოა, უკეთესი შედეგი დადგეს მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით, თუმცა, რეალური გარდატეხისთვის სხვა ცვლილებების გატარებაა საჭირო.
“სასამართლო რეფორმის სხვა მიმართულებას ვემხრობი, ვიდრე ამ დოკუმენტშია მითითებული. ნაკლებად მჯერა კოსმეტიკური რეფორმების, რომელიც სასამართლოში რამდენჯერმე ჩავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტში ეს ყველაფერი კეთილი სურვილებით არის ნაკარნახევი და რწმენით, რომ სასამართლოს შეიძლება რაიმე ეშველოს ამ ქვეყანაში, ვთვლი, რომ სხვანაირად უნდა წავიდეთ - ამ პროცესში ადამიანები უნდა შემოვიყვანოთ და ამისთვის გვჭირდება არჩევითი მოსამართლეების და არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება. მჯერა, რომ ამით შეგვიძლია, რეალური გარდატეხა მოვახდინოთ, დანარჩენი, ჩემი აზრით, არის კოსმეტიკური ცვლილებები, მაგრამ დოკუმენტის სულისკვეთებას თუ გავიზიარებთ, შეიძლება, ოდნავ უკეთესი შედეგი მივიღოთ,” - განაცხადა ხვიჩიამ.